“ჩვენ ვმუშაობთ უზარმაზარ პროექტზე – „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდროკონსტრუქცია იქნება“, – ამის შესახებ აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე.
“ჩვენ გვყავს პროფესიონალების გუნდი, რომელიც უსმენს საზოგადოებას და განიხილავს და უმკლავდება გამოწვევებს”, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და თავის გამოსვლაში შაჰ-დენიზის პროექტი მიმოიხილა.
მისი ინფორმაციით, ერთი თვის წინ EBRD-მა ხელი მოაწერა 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ფინანსურ პროექტს (500 მილიონი დოლარის ღირებულების). როგორც მან აღნიშნა, „ეს არის EBRD-ის უდიდესი წვლილი ამ პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს შაჰ-დენიზიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას. ეს პროექტი ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანზაქციად აღიარა კომპანია BP-მ”.
ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის განახლებად ენერგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: „ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში დაწყებული გვაქვს წყლის ენერგიის გამოყენება, რომლის პოტენციალიც საქართველოსგან განსხვავებით ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია ქარისა და მზის განახლებადი ენერგია”.
ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ქარის, მზის და წყლის ენერგიის მიმართულებით EBRD-ის პროექტებიდან პირველი ადგილი უკავია პოლონეთს, მეორე ადგილი-რუმინეთს, მესამე-საქართველოს.