უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, აქციების ღირებულების ზრდის შედეგად, Nvidia-მ სოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში მეორე ადგილი დაიბრუნა. ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3.13 ტრილიონს უტოლდება, ხოლო თითო აქციაზე ფასი $127-ს აღწევს.
ორშაბათის მონაცემებით, Nvidia-ს აქციების ფასი 4.25%-ით გაიზარდა და $130.64-ს მიაღწია, რაც ჩიპების მწარმოებლისთვის, 26 აგვისტოს შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, ექვსი კვირის პაუზის შემდეგ, Nvidia-მ Microsoft-ს გადაასწრო და სიაში მეორე ადგილი დაიკავა. Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, ბოლო მონაცემებით, $3.04 ტრილიონს უტოლდება.
ამჟამად, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების პირველ სამეულში ამერიკული კომპანიები: Apple-ი, Nvidia და Microsoft-ი არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ გლობალურად, მხოლოდ ამ სამი კომპანიის საბაზრო ღირებულება აღემატება $3-ტრილიონიან ნიშნულს. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია კვლავ Apple-ია, $3.37-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით.
ორშაბათის მდგომარეობით, Nvidia-ს გარდა, მინიმუმ $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ხუთივე ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ღირებულება დაეცა. Apple-ის აქციების ფასი 1.3%-ით შემცირდა, Microsoft-ის 0.7%-ით, Alphabet-ის 1.4%-ით, Amazon-ის 2.8%-ით, ხოლო Meta-ს 0.9%-ით.
FactSet-ის პროგნოზით, Nvidia-ს მოგება, ფისკალური კვარტლისთვის (რომელიც მიმდინარე თვეში სრულდება) $21.9 მილიარდს შეადგენს. ეს მონაცემი, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1,000%-ითაა გაზრდილი.