Bloomberg-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სტარტაპი OpenAI ინვესტირების ახალი რაუნდის გახსნას გეგმავს. გამოცემისვე განცხადებით, OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $150 მილიარდით განისაზღვრება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სტარტაპად აქცევს.
მედიასააგენტოს ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელი სტარტაპი ინვესტორებისაგან $6.5 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. დამატებით კი კომპანიას $5 მილიარდის მიღება ბანკისაგან სესხის სახით სურს.
OpenAI-ის შეფასება უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ 74%-ით გაიზრდება. ბოლო ინვესტიციის განხორციელებისას OpenAI-ის საბაზრო ღირებულება $86 მილიარდი იყო. Bloomberg-ის ინფორმაციით, საინვესტიციო რაუნდს კომპანია Thrive Capital-ი განახორციელებს.
შეგახსენებთ, სტარტაპის მთავარი პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ChatGPT-ია, რომელიც ინფორმაციას რეალურ დროში აგენერირებს. სწორედ ChatGPT-ის დამსახურებით გახდა OpenAI ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია. სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი სემ ოლტმენია, ტექნოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერას კი Microsoft-ი ახორციელებს.
ახალი საინვესტიციო რაუნდი სტარტაპს დაეხმარება, რომ კერძო მფლობელობაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. ცნობისთვის, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები აქციების საჯაროდ განთავსებას თავს სწორედ იმ მიზეზით არიდებენ, რომ საფონდო ბირჟები მერყევია, მარეგულირებელთა ხარჯები კი საკმაოდ მაღალი.