Comcast-ის ამერიკული მედიასაშუალებებით, პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ყოველდღიურად საშუალოდ 30.6 მილიონი ადამიანი უყურებდა. შედეგად, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებს, ტოკიოს 2020 წლის ღონისძიებასთან შედარებით, ყოველდღიურად, ამერიკულ პლატფორმებზე 82%-ით მეტი მაყურებელი ჰყავდა. ამ მონაცემებში შედის NBC-ის სამაუწყებლო ქსელი, საკაბელო არხები, როგორიცაა USA და Peacock-ის სტრიმინგის სერვისი.
NBC Sports-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კვირას, ზაფხულის თამაშების დახურვის ცერემონიალს 20.8 მილიონი ამერიკელი მაყურებელი ჰყავდა – ორჯერ მეტი ვიდრე ტოკიოს ოლიმპიადას. ცალკეული სპორტული ღონისძიებების შემთხვევაში, გამორჩეული იყო საკალათბურთო ფინალი აშშ-ისა და საფრანგეთს შორის, რომელსაც საშუალოდ 19.5 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.
ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 1996 წლის ატლანტას ფინალის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს არგენტინისა და ნიგერიის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. 1996 წლის ოლიმპიურ ფინალს საშუალოდ 25.8 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
BBC-ის მონაცემებით, მის პლატფორმებზე ოლიმპიადას 218 მილიონჯერ უყურეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ტოკიოში. Warner Bros. Discovery-ის ინფორმაციით კი, ოლიმპიადას წელს მათ პლატფორმაზე რეკორდული 215 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. Warner Bros-ის ანგარიშითვე, წლევანდელი თამაშების ტრანსლაციით პლატფორმა $100 მილიონს დაკარგავს. კონტრაქტი წელს იწურება, თუმცა Warner Bros-მა 2026 წლის ზამთრის თამაშებისთვის ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა.