შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი ინფორმაციით, უკრაინელებს ახლა უფრო მეტი ფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავთ, ვიდრე ორი კვირის წინ.
თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა კონკრეტული დეტალების გამჟღავნების გარეშე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა დახმარების სახით არა მხოლოდ გამანადგურებლები, არამედ თვითმფრინავის ნაწილებიც მიიღეს. შესაბამისად, უკვე დაზიანებული საბრძოლო ავიაციის შეკეთებაც შესაძლებელი იქნება.
თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებისა, ჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ კონკრეტულად ვისგან მიიღო უკრაინამ სამხედრო-საჰაერო ტექნიკა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საკუთარი მზაობა თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით ბულგარეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმაც გააჟღერა. მაშინ საუბარი მათ შეიარაღებაში მყოფ ძველ MiG-29-ებზე იყო.
ცნობისათვის, აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინელთა სამხედრო-საჰაერო ძალების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია. ომამდე მათი რაოდენობა 70 ერთეულს შეადგენდა. რაც შეეხება SU-27,-ს SU-25-სა და SU-24-ებს – ჯამში საბრძოლოუნარიანი მათგან 125 ერთეული თვითმფრინავი იყო. ომის საწყის ეტაპზე უკრაინელთა საჰაერო დანაკარგები დიდი იყო. ანალიტიკოსების მოსაზრებით რუსებმა ომის 54 დღის განმავლობაში 15-ზე მეტი უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავის განეიტრალება მოახერხეს, რომელთა შორისაც ვიზუალურად დადასტურებული 4 MiG-29-ც არის. თუმცა, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ რეალური რიცხვი ამაზე ბევრად დიდი იქნება.
უკრაინელებისათვის სამხედრო-საჰაერო დანაკარგები მხოლოდ თვითმფრინავების ჩამოგდებით არ შემოიფარგლა. 18 მარტს, რუსეთის საკრუიზო რაკეტებმა ქალაქ ლვოვში მდებარე თვითმფრინავების სარემონტო ქარხანაც დააზიანა, სადაც სწორედ აღნიშნული MiG-29-ები კაპიტალურად რემონტდება. შესაბამისად, რუსებმა შეტევა ლოგისტიკურ ობიექტებზეც მიიტანეს, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
ამჟამად მათ სამიზნეში საწვავის მარაგებია. ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელთა ავია-ბაზების საწვავის პუნქტებს ურტყამს. შედეგად კი უკრაინელთა საბრძოლო გაფრენების რაოდენობა ძალიან დაბალია. მაგალითად, ომის მეოთხე კვირისათვის უკრაინელი პილოტები დღეში მხოლოდ 5-დან 10-მდე გაფრენას ახორციელებდნენ. რუსეთის საჰაერო ძალებს კი დღეში 200-მდე გაფრენის განხორციელება შეეძლოთ.
სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, ყველაზე მეტად უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენები დაზარალდა. მათი რაოდენობა ომის დაწყებამდე დაახლოებით ათამდე Su-24-ს შეადგენდა. სამი დადასტურებული ჩამოგდების შემდეგ კი მათ თითქმის სრულად შეწყვიტეს ფრენა.
ყველაზე მეტად რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევებს საკუთარი რაოდენობის გამო კვლავ MiG-29-ები უძლებს. თანაც, როგორ ჩანს მათ უკრაინელებს პარტნიორი სახელმწიფოებიც აწვდიან. პოლონეთის შეიარაღებაში 28 ერთეული საბჭოთა წარმოების MiG-ია. მათ ჩანაცვლებას პოლონელები ამერიკული სტელს გამანადგურებლებით, F-35-ებით გეგმავენ. ბულგარეთისა და სლოვაკეთის შეიარაღებაში კი შესაბამისად 15 და 12 ერთეული MiG-29 იმყოფება. ორივე სახელმწიფო მათ ჩანაცვლებას ასევე ამერიკული F-16-ებით გეგმავს.
თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს 55 პოტენციური MiG-29-ისა და დამატებით თვითმფრინავის ნაწილების მიღება შეეძლო, რაც მის საავიაციო შესაძლებლობებს ერთი-ორად გაზრდიდა. თუმცა, ალბათ, უფრო მეტი დეტალის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.