2012 წლიდან GAA ჰოლდინგს $49,000,000 აქვს ინვესტირებული საქართველოში და ქვეყნის მთავარი ექსპორტიორია, თუმცა დიდ წარმატებას დიდი პრობლემები მოსდევს.
იცოდით, რომ ადამიანი ყოველ ნაბიჯზე ნახევარ მილიონ ბაქტერიას კლავს? არც მე. ეს ფაქტი ჩემი რესპონდენტისგან გავიგე, რომელიც ხშირად სვამს ამერიკული Snapple-ის ცივ ჩაის და ეს ინფორმაცია სწორედ მის თავსახურზე ამოიკითხა. Snapple-ის რეალური ფაქტები ბევრნაირია. მაგალითად, ერთ-ერთი თავსახურის რეალური ფაქტი #727 ამბობს, რომ ობობას ქსელი უფრო მტკიცეა, ვიდრე ფოლადი. არ ვიცი, ეს კონკრეტული ფაქტი თუ შეხვედრია ოდესმე ცივი ჩაის მირთმევისას, თუმცა “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორის, ვოლოდიმირ (ველველ) ლოზინსკის ბიზნესს პირდაპირი კავშირი აქვს ფოლადის წარმოებასთან.
2013 წლიდან Georgian American Alloys-ის მფლობელობაში მყოფი “ჯორჯიან მანგანეზი” ამერიკის, კანადის, ინგლისისა და საფრანგეთის ფოლადის წარმოებას Felman Production-ისა და Felman Trading-ის მეშვეობით სილიკონ-მანგანუმით ამარაგებს. ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელი მინერალი ჯერ ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მოიპოვება, ხოლო შემდეგ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იწარმოება მისი შენადნობები. ორივე მათგანი “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაშია, ისევე როგორც ვარციხეჰესი, რომელიც კომპანიის წარმოებისთვის ყოველწლიურად800 ათას მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, და “ფერომედი” – საავადმყოფო, რომელიც თავდაპირველად ჰოლდინგში დასაქმებულთათვის იყო გამიზნული, თუმცა მოგვიანებით საკმაოდ წარმატებულად დაიწყო მუშაობა როგორც ბიზნესმა. საერთო ჯამში, GAA ჰოლდინგს 2012 წლიდან 49 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული ქართულ საწარმოებში.
ქართულ ფეროშენადნობთა ექსპორტის 90% სწორედ “ჯორჯიან მანგანეზის” წარმოებაზე მოდის, რაც არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭიათურის საბადოში წლიურად 261 ათასი ტონა მანგანუმი მოპოვება და 400 ათასი ტონა მანგანუმის კონცენტრატის მიღება შეიძლება, ხოლო ზესტაფონის ქარხანაში, მაგალითად, სილიკონ-მანგანუმის წარმოება 200 ათას ტონას აღწევს. შედეგად, კომპანიის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში ამ დროისთვის 7%-ია, მაშინ როცა 2013 წელს 11% იყო. ექსპორტის კლების მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაა.
კომპანია ჯამში 5400 ადამიანს ასაქმებს. გადამამუშავებელი მრეწველობა მძიმე და საფრთხილო სამუშაოა, რომელიც სათანადო უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა ლოზინსკისთვის ყველაზე დიდი სირთულე საწარმოებში მაინც თავად ადამიანები არიან. გენერალური დირექტორი, რომელიც უფრო “პროამერიკულია, ვიდრე პროევროპული, რადგან არ მოსწონს სოციალიზმი”, ცდილობს, მუშაობის დასავლური სტანდარტები დანერგოს.
ლოზინსკი “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორი 2012 წლის მაისში გახდა და ამჟამად მას ექვემდებარება ჯგუფის შიგნით ყველა ტიპის საოპერაციო აქტივობები თუ სტრატეგიული ინიციატივები. მენეჯერს, თეოლოგიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს სპეციალისტის განათლებით, ბევრი შეუძლია ისაუბროს ქართველი მუშახელის დაბალპროდუქტიულობაზე; იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში არაკვალიფიციურობა, თუნდაც საგადასახადო ადმინისტრაციაში, რომელმაც მისი კომპანია ახლახან 200 მილიონი ლარით დააჯარიმა და რასაც თან დაერთო გარემოს დაცვის სამინისტროს 354 მილიონლარიანი ჯარიმაც.
როგორ გახდით “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორი?
აქ ჩამოსვლამდე ამერიკაში ვმუშაობდი, იქაც საოპერაციო მენეჯმენტით ვიყავი დაკავებული და კვლავაც მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები ამ მიმართულებით. ამერიკაში ჩასვლამდე კი უკრაინაში, სატელეკომუნიკაციო ბიზნესში ვმოღვაწეობდი.
ტელეკომიდან გადამამუშავებელ მრეწველობაში როგორ აღმოჩნდით?
თქვენ ის მკითხეთ, რა განათლება მაქვს. ბაკალავრის ხარისხი მაქვს თეოლოგიაში, ასე რომ თეოლოგის პოზიციიდან დიდი განსხვავება ტელეკომსა და გადამამუშავებელ მრეწველობას შორის არ არის. ჩემი სამუშაოს ძირითადი ნაწილი ხომ მენეჯმენტია, ანუ ადამიანებს შორის თანხმობის დამყარება.
როდის და რატომ დაინტერესდა Georgian American Alloys–ი საქართველოში განთავსებული საწარმოებით?
ხუთი წლის წინ და მიზეზი რამდენიმე იყო. ერთ-ერთი ის, რომ ძალიან ცოტა ადგილია მსოფლიოში, სადაც ფეროშენადნობების მოპოვება-გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოება ერთდროულად არის შესაძლებელი. ჩვენი კომპანია მანამდეც ყიდულობდა პროდუქტს ზესტაფონის ქარხნისგან ამერიკული წარმოებისთვის, ასე რომ ამ აქტივების შეძენით ჩვენი საქმიანობის არეალი გავზარდეთ. ახლა ზესტაფონისა და ჭიათურის საწარმოები ერთიანდებიან კომპანიაში “ჯორჯიან მანგანეზი” და ისევე, როგორც Georgian American Alloys-ის ჰოლდინგში შემავალი ანალოგიური საწარმოები, განთავსებული დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკიში, ფეროშენადნობ პროდუქციას აწვდიან საერთაშორისო ბაზარს. ჩვენი ძირითადი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა რაც ვერ იყიდება ამერიკაში მოთხოვნის სიმცირის გამო, მიდის სხვა ქვეყნებშიც.
როგორი სიტუაცია დაგხვდათ საწარმოებში ხუთი წლის წინ?
ეს იყო საბჭოთა სტილის წარმოება ბევრი საბჭოური გადმონაშთით. ამ ყველაფრის შეცვლა დიდი გამოწვევა იყო.
შეძელით?
ისევ პროცესში ვართ. ეს არ არის მარტივი პროცესი და კიდევ არაერთი წელი დასჭირდება. მაგალითს გეტყვით: დასავლეთ ვირჯინიაში საწარმოს სიმძლავრე 100 ათასი ტონაა და იქ 250 ადამიანი მუშაობს. ზესტაფონში წარმოების ზომა 200 ათასი ტონაა, თუმცა ამისთვის 2 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაშინ როცა ამერიკაში 400 ადამიანი საკმარისი იქნებოდა. ეს რომ აშშ ყოფილიყო, ალბათ 400 ადამიანი გვეყოლებოდა.
რატომ? პრობლემა მოძველებულ დანადგარებშია?
არა, დანადგარები თითქმის იდენტურია. უბრალოდ, ქართველი მუშახელი ამერიკელი მუშახელი არ არის და პროდუქტიულობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის მასშტაბით. იცით, რა არის ОТК, ანუ Отдел Технического Контроля? ეს ამერიკაში არ არსებობს, რადგან იქ დასაქმებულებს კონტროლი არ სჭირდებათ, თუ რამე ისე ვერ გაკეთდა, როგორც საჭიროა, თანამშრომელი რეპორტინგს აწარმოებს თავის უშუალო ხელმძღვანელთან.
მუშახელის ღირებულება იზრდება?
დიახ. მაგალითად, 2007 წელს ზესტაფონის საწარმოში საშუალო ხელფასი 300-მდე ლარი იყო, ახლა – 900 ლარის ფარგლებშია.
გარდა ხელფასისა, რა შეიცვალა რეალურად საწარმოებში ახალი მენეჯმენტის შესვლის შემდეგ?
არ არსებობდა ელექტრონული ფოსტა, ადამიანები საწარმოში ხელით დაწერილ წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. უამრავი ძველი და გამოუსადეგარი შენობა მოვშალეთ და გარემო გავაუმჯობესეთ. ბევრი ფული დაიხარჯა ადამიანების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე: საშხაპეების, გასახდელების მოწყობაზე. საწარმოს ტერიტორია საკმაოდ დიდია და ფეხით გადაადგილება პრობლემა იყო, ამიტომ ჩვენ შემოვიყვანეთ რამდენიმე ათეული სამთვლიანი მოტოციკლი, სახელად ტუკ-ტუკი და ახლა საწარმოში მისით გადაადგილდებიან აქეთ-იქით. ბევრ ფულს ვხარჯავთ მუშახელის გადამზადებაზეც.
რა სოციალურ პაკეტებს სთავაზობთ მათ?
თითოეულ თანამშრომელს და მის ოჯახის წევრს, მათ შორის შვილებს 25 წლამდე, აქვთ სამედიცინო დაზღვევა. ეს მოიცავს მედიკამენტებსაც. გარდა ამისა, საწარმოში გვაქვს სამზარეულო, სადაც თანამშრომლები შეღავათიან ფასად იკვებებიან. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს მაღაზიების ქსელთან, სადაც ჩვენს თანამშრომლებს სახელფასო ბარათით შეუძლიათ საკვები პროდუქტების ყიდვა ისე, რომ საფასური ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ გადაიხადონ. მათ ყოველდღიურად ემსახურებათ ტრანსპორტი, რომელსაც მოჰყავს სამსახურში და მიჰყავს სახლში.
რას აკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოების სტანდარტები გააუმჯობესოთ?
საბოლოო მიზანი არის, რომ წარმოება იყოს დასავლური სტანდარტების. უსაფრთხოების თვალსაზრისით პროგრესი არის, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა თავად ადამიანები არიან, რომლებთანაც ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ მიჰყვნენ ინსტრუქციებს. ქართველები თავისუფლების მოყვარული ხალხია, მათ არ მოსწონთ წესები. მაგალითად, ადამიანს, რომელიც აღებს გავარვარებულ ღუმელს, უნდა ეცვას სკაფანდრი, მაგრამ არ იცვამენ, არ უნდათ. რატომ? სცხელათ. ოთხი წლის წინ საერთოდ არ ეცვათ არაფერი და არც ქუდები ეხურათ, ახლა ამას მაინც მივაღწიეთ. ყველა უბედური შემთხვევიდან, რაც კი ყოფილა, მაქსიმუმ ერთი ან ორია ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა კედლის ქვეშ წყალი იყო და არ ვიცოდით. შემთხვევების დანარჩენი 99 პროცენტი ადამიანური ფაქტორის, გაუფრთხილებლობის გამო ხდება.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი დარგია გადამამუშავებელი მრეწველობა საქართველოსთვის და რამდენად სწორად ვითარდება ის?
არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი დარგია. ჩემი აზრით, ტურიზმიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგია საქართველოსთვის. ეს დარგი მთლიანად ექსპორტზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, იმაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია საერთაშორისო ფასები ნედლეულზე. მეორე მხრივ, მთავრობას არა აქვს სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ეს დარგი. ახლა მსოფლიოში ნედლეულზე ფასები ძალიან არის დავარდნილი და რთულია საქართველოდან კონკურენცია გაუწიო სამხრეთ აფრიკას ან ავსტრალიას. ასეთ შემთხვევებში სხვა ქვეყნების მთავრობები ბიზნესს ეხმარებიან.
როგორ?
როცა ქვეყანა ექსპორტზეა ორიენტირებული, მისი ვალუტა რაც შეიძლება იაფი უნდა იყოს, ანუ როცა ლარი დოლართან 2.5 ან 2.2-ია, ეს 50%-ით ზრდის ჩვენს ღირებულებას, რადგან ჩვენ დოლარში ვყიდით, ხოლო ხელფასს ლარში ვიხდით. ვალუტის დევალვაცია წარმოების ღირებულების შემცირებაში გვეხმარება, ამიტომ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნები ცდილობენ, იაფი ვალუტა ჰქონდეთ, რათა მეტი ფული მიიღონ ექსპორტიდან. ჩვენი წარმოება პურის წარმოებას რომ შევადაროთ, სილიკონ-მანგანუმი მარილია. შეიძლება გაზარდო მარილზე მოთხოვნა? არა, რადგან მისი რეალიზაციის გასაზრდელად სარეკლამო კამპანიას ვერ წამოიწყებ. მარილი ეს არის პროდუქტი, რომელსაც მოიხმარენ იმდენს, რამდენიც საჭიროა, ანუ მისი მოხმარება იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ, მაგალითად, პურის წარმოება გაიზრდება. ანალოგიურად, თუ ცოტა ფოლადი იწარმოება, სილიკონ-მანგანუმიც ცოტა სჭირდებათ, თუ ბევრი – მეტი. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მთლიანად დამოკიდებული ვართ მსოფლიო ეკონომიკაზე. ახლა, როცა ნავთობისა და ნედლეულის ფასები შემცირდა, გაყიდვები თითქმის 2008-2009 წლის მაჩვენებლებს მიუახლოვდა, როცა სიტუაცია ყველაზე ცუდი იყო. 2008-09 წლებს დაემსგავსა, ყველაზე ცუდ წლებს. ასეთ სიტუაციაში ბაზარზე მდგომარეობა რომ შეინარჩუნო, ცდილობ, შეამცირო წარმოების ღირებულება. ამას ემსახურებოდა სპეციალური რეჟიმის შემოღება ჭიათურის საბადოზე, როცა ჭარბწარმოების გამო სილიკონმანგანუმის წარმოება შევანელეთ.
თუმცა ის მაისის ბოლოსთვის დასრულდა?
დიახ, ახლა სრულ წარმოებაზე გადავედით. თუმცა სპეციალური რეჟიმის დროსაც ჩვენ დროებით სახლში გაშვებულ თანამშრომლებს მაინც ვუხდიდით ხელფასის 60%–ს. გარდა ამისა, შევუთანხმდით ბანკებს, რომ ოთხთვიანი სპეციალური რეჟიმის განმავლობაში ჩვენ გადავიხდიდით თანამშრომლების სესხებზე პროცენტს. 3500 დასაქმებულიდან ჭიათურაში 3100 ადამიანმა შეაჩერა მუშაობა და მაისის ბოლოდან ყველა დაბრუნდა.
გარემოს დაცვა – ამ საკითხის გამო თქვენი კომპანია ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. რა ინვესტიციებს ახორციელებთ იმისთვის, რომ გარემოს დაცვითი პრობელემები გადაჭრათ?
აქაც საბჭოთა მემკვიდრეობა გვაქვს, რასაც ბენდუქიძის მემკვიდრეობა ემატება, ორივე ერთად კი – პრობლემებს ქმნის. ახლა საქართველო ცდილობს, ევროპული სტანდარტები დანერგოს, ევროპა კი ძალიან ყალბია ამ მიმართულებით. ევროსტანდარტით არ შეიძლება შენობიდან
100 მეტრის რადიუსში გაზგასამართი სადგურის მშენებლობა. ევროპულ ქვეყნებში ასეთი სადგურები პირდაპირ შენობებშია განთავსებული და თუ იკითხავთ, როგორ, პასუხი იქნება, რომ ის კანონის მიღებამდე აშენდა. საქართველოს ჯერ არ გადაუწყვეტია, საით მიდის. როცა ბენდუქიძემ გააუქმა ყველაფერი, მან გააუქმა ყველა სტანდარტიც, თუმცა ახლა არის ზოგიერთი სტანდარტი აღდგენის მცდელობა, მაგრამ ყველაფერში ბალანსი და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საბჭოური გამოცდილებიდან დასავლურისაკენ მიდიხარ. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრის თვალსაზრისით, ზესტაფონში არაერთი ღონისძიება გავატარეთ. დაინსტალირდა ჰაერის მონიტორინგის ოთხსადგურიანი ონლაინ–სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელიც პირდაპირ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ კონტროლდება.
და მაინც, ფინანსთა სამინისტროს 200–მილიონლარიან ჯარიმას თქვენი კომპანიის მიმართ გარემოს დაცვის სამინისტროს 354–მილიონლარიანი ჯარიმაც დაემატა. რატომ დაჯარიმდით?
ამ ჯარიმების არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან. არც კი მინდა ამაზე საუბარი. იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოს მართლმსაჯულება მართებულ დასკვნებს გამოიტანს – მინიმუმ მიახლოებულს მაინც იმასთან, რაც წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დასკვნებშია ასახული.
საუბარი ძალიან დიდ თანხაზეა. თქვენი აზრით, რა მოხდა?
დიახ, ეს უზარმაზარი თანხაა. თუ ჩვენ სასამართლოს ვერ მოვიგებთ და ამის გადახდა მოგვიწევს, დავიხურებით. კომპანიის ბრუნვა გასულ წელს 200 მილიონი დოლარი იყო. 500 მილიონი ლარის გადახდა თუ მოგვიწია, კომპანიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუმცა სხვა რამეა საინტერესო: რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრა სხვადასხვა კომპანიას გასული სამი წლის განმავლობაში? ასობით მილიონი. რამდენი გადაიხადეს აქედან? ასობით ათასი.
რას გულისხმობთ?
ადამიანების კვალიფიკაციის დონე იმდენად ცუდია, მათ შორის საგადასახადო ორგანოში დასაქმებულების, რომ ისინი უშვებენ შეცდომებს. ქვეყანაში არის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარების პრობლემა.
გაქვთ დასკვნები, დოკუმენტები, რომლებითაც ფიქრობთ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ?
ჩვენ გვაქვს ყველანაირი აუდიტორული შემოწმება და დასკვნა, რაც კი არსებობს. დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ. კითხვა იმაში მდგომარეობს – სად?
რამდენი გადაიხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ “ჯორჯიან მანგანეზმა”, მაგალითად, შარშან?
26 მილიონი ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ წინ ალბათ არაერთი სასამართლო გელით, გეგმავთ თუ არა ახალ საინვესტიციო პროექტებს?
ვაგრძელებთ საოპერაციო აქტივობების გაუმჯობესებას. გვაქვს დიდი პროექტი ჭიათურაში, რომელიც არამხოლოდ მდინარე ყვირილას დაბინძურების საკითხს გადაწყვეტს, არამედ წარმოების ოპტიმიზაციით უფრო კონკურენტულს გახდის ჭიათურის მადანს და ბაზარზე სტაბილურ პოზიციებსაც მოგვაპოვებინებს. პროექტი მთავრობას უკვე წარდგენილი აქვს და ახლა ველით ბიუროკრატიული ეტაპების გავლას, რომ დაგვიმტკიცონ. მისი ღირებულება 20 მილიონი დოლარია და მიზნად ისახავს, რომ წყლის დაბინძურება შეამციროს, თუმცა აქვე ერთ საიდუმლოს გეტყვით: იმ ოთხი თვის განმავლობაში, როცა წარმოება შევაჩერეთ, მდინარე მაინც შავი იყო.
იმ ფონზე, როცა ნედლეულის ფასები მსოფლიოში კვლავაც დაბალია, როგორია თქვენი მოლოდინი?
იმედი გვაქვს, ნედლეულის ფასი მატებას დაიწყებს, თუმცა ეს არავინ იცის. ფაქტია, ჩვენი ექსპორტი შემცირდა, როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით. თუმცა უნდა ვთქვა, რომ კლება გასულ წელს უფრო საგრძნობი იყო. წლევანდელი წელი კი უფრო სტაბილური ჩანს.