ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი, რომელიც, როგორც ცნობილია, თავად მხატვარმა დასრულების შემდეგ ნაგვის ურნაში მოისროლა, აუქციონზე $8.63 მილიონად გაიყიდა. 1933 წელს შექმნილი ნამუშევარი, სახელწოდებით „ავტოპორტრეტი. ძალიან უშნო“ (“Autorretrato. Muy feo”) ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე ანონიმმა პირმა წარადგინა.
ნიუ-იორკის აუქციონზე ფრიდას ნამუშევრის გასაყიდი ფასი თავდაპირველად, მაქსიმუმ $10 მილიონად იყო შეფასებული. თუმცა მექსიკელი მხატვრის ავტოპორტრეტი საბოლოოდ $8.63 მილიონად გაიყიდა. პორტრეტი, რომელიც ფრიდას შავ წიგნშია შეტანილი, ფრესკის ტექნიკითაა შექმნილი. ცნობისთვის, ნამუშევრების შექმნისას, ფრესკის ტექნიკას მხატვარი არც თუ ისე ხშირად მიმართავდა.
ფრიდა კალოს კიდევ ერთი ნამუშევარი, „დიეგო და მე“, გასულ წელს, Sotheby’s-ის აუქციონზე $34.9 მილიონად გაიყიდა. აღნიშნული ხელოვნების ნიმუში, დღემდე ფრიდას ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატია.
აღსანიშნავია, რომ შარშან გაყიდული ნახატი „დიეგო და მე“, აუქციონებზე ლათინური ამერიკის მკვიდრი ავტორის ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარიც გახდა. ფრიდას ნახატამდე კი, ამ სტატუსს მისი მეუღლის, დიეგო რივერას მიერ შესრულებული “Los Rivales”-ი (1931) ფლობდა, რომელიც 2018 წელს $9.76 მილიონად გაიყიდა.