ამერიკის საბირჟო ინდექსების დაცემის პარალელურად, მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ორშაბათს ჯამში $114 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ყველაზე მეტად უორენ ბაფეტმა იზარალა – ერთ დღეში მისი ქონება $5,1 მილიარდით შემცირდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $3.6 მილიარდით შემცირდა მარკ ცუკერბერგის ქონება.
Dow Jones-ის ინდექსი 5 თებერვალს 4.6%-ით შემცირდა. S&P 500 და Nasdaq კი ერთ დღეში 2%-ით დაეცა.
მიუხედავად 5 მილიარდი დოლარის დაკარგვისა, ბაფეტი Forbes-ის მიხედვით, კვლავ პლანეტის რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონებაც $84.6 მილიარდს შეადგენს.
$3.2 მილიარდით შეუმცირდა ქონება ჯეფ ბეზოსს. Amazon-ის დამფუძნებლის ქონება ამჯერად $115.7 მილიარდს შეადგენს და ის ბილ გეითსის ქონებას $25 მილიარდით აღემატება.
$2.2 მილიარდით იზარალეს Google-ის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა. Google-ის დედა კომპანიის Alphabet-ის აქციები ერთ დღეში 5%-ით დაეცა. $2.2 მილიარდით შემცირდა Oracle-ის დამფუძნებლის ლარი ელისონის ქონებაც.
საბირჟო ინდექსების მკვეთრ ვარდნას ამერიკის შეერთებულ შტატებში საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებული ოპტიმისტური მოლოდინების შემცირებასა და ინფლაციასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინების ზრდას უკავშირებენ.