PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, jobs.ge-ზე ჯამში 7,884 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2024 წლის აპრილში, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიათა რაოდენობა მარტის თვესთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა.
2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით, ყველაზე სწრაფად მზარდი ვაკანსიების კატეგორია ადმინისტრაცია და მენეჯმენტი იყო. გასული ნახევარი წლის განმავლობაში, jobs.ge-ის პორტალზე ამ მიმართულებით ჯამში 9,766 ვაკანსია გამოქვეყნდა – 8.8%-ით მეტი 2022-2023 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით.
გარდა ამისა, გასული ექვსი თვის განმავლობაში, გაზრდილია ვაკანსიების რაოდენობა ფინანსების კატეგორიაშიც. ფინანსების მიმართულებით, 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში 7,518 ვაკანსია გამოქვეყნდა – წლიურ ჭრილში 6.3%-იანი ზრდა.
საპირისპიროდ, უკანასკნელ ექვს თვეში შემცირებულია გამოქვეყნებულ ვაკანსიათა რაოდენობა გაყიდვებისა და შესყიდვების მიმართულებით. გასული ნახევარი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით სულ 10,194 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 1.4%-ით ნაკლებია 2022-2023 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული 7,884 ვაკანსიიდან, 19% გაყიდვებსა და შესყიდვებზე მოდიოდა, 19%-იც ადმინისტრაციასა და მენეჯმენტზე, შემდეგ მოდის ფინანსები – 14%, ლოგისტიკა და ტრანსპორტი / დისტრიბუცია – 14%, IT / პროგრამირება – 3%.