ბრიტანელმა დიზაინერმა პოლ სმიტმა ლონდონში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანია Berry Bros. & Rudd-ისათვის ანრი მატისის შემოქმედებით შთაგონებული ეტიკეტები შექმნა შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ორი ღვინის მარკისათვის.
მატისი ცნობილია ფერთა მდიდარი პალიტრითა და ოსტატობით, შესაბამისად, ბრიტანელმა დიზაინერმა შექმნა წითელი და ნარინჯისფერი ეტიკეტები, ზედ გამოსახული გულითა და წარწერით Love, რომელიც მატისის ცნობილი აპლიკაციების მსგავსად, ხელით ამოჭრილს ჰგავს.
დიზაინერის მიერ შექმნილი ეტიკეტები პიკადილიზე მდებარე კომპანიის Good Ordinary-ის სახელით ცნობილ ბორდოსა და თეთრი ღვინის ბოთლებს დაამშვენებს. პოლ სმიტის ეტიკეტით გაფორმებული ბოთლები შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 5,000 ცალი გაიყიდება. „მე უკვე მრავალი წელია, მივირთმევ ‘Good Ordinary’-ის ბორდოსა და თეთრ ღვინოს, რომელთაც კომპანია Berry Bros. & Rudd-ისაგან ვყიდულობ. Berrys-ი დიდი ისტორიის მქონე კომპანიაა. მათთვის განსაკუთრებული ეტიკეტის დამზადება ჩემთვის დიდი პატივი იყო,”, – ამბობს პოლ სმიტი.
Berry Bros. & Rudd-ის შემოქმედებითმა დირექტორმა – ჯორდი უილისმა განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათმა კომპანიამ ცნობილ დიზაინერთან ერთად შექმნა ექსკლუზიური ეტიკეტი და იმედოვნებს, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას ბრიტანეთის წამყვან დიზაინერებთან. „ჩვენ დიდი ხანია, პოლ სმიტის შემოქმედების თაყვანისცემლები ვართ და გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მასთან და მის შემოქმედებით გუნდთან ერთად გვემუშავა ამ ექსკლუზიური ეტიკეტის შექმნაზე. ტიპური ბრიტანული სტილი, რომელიც საერთაშორისო მოწონებით სარგებლობს; ეს არის პოლ სმიტის შემოქმედების ის განსაკუთრებულობა, რომლისკენაც ჩვენი კომპანია Berry Bros. & Rudd-ი მიისწრაფვის”, – ამბობს ჯორდი უილისი.
ღვინო 01 თებერვლიდან, ექვსბოთლიანი შეკვრით გაიყიდება. ერთი შეკვრა (ექვსი ბოთლი) ბორდოს ფასი £54.00 იქნება, ხოლო თეთრი ღვინის – £53.10.