პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე, რომლებიც Europolgaz-ში რუსული კომპანიის 48%-იან წილს მოიცავს, კონტროლს აიღებს. ცნობისთვის, სწორედ Europolgaz-ი ფლობს Yamal-ის გაზსადენის პოლონურ მონაკვეთს.

პოლონეთის განვითარების მინისტრის ვალდემარ ბუდას განცხადებით, შესაბამისი ადმინისტრაციები ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას შეამოწმებენ. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად და რუსული კაპიტალისა და გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. ვინაიდან ექსპროპრიაციას პოლონური კანონმდებლობა კრძალავს, ჩვენ იძულებითი მმართველობის დამყარება გადავწყვიტეთ“, – განაცხადა ბუდამ.

შეგახსენებთ, რომ „გაზპრომის“ აქციების გაყინვა პოლონეთმა ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. მანამდე კი, აპრილში, პოლონეთის მიერ დაწესებულ სანქციებში, ორმოცდაათ რუს ოლიგარქსა და კომპანიას შორის, რუსული ნავთობგიგანტიც მოხვდა. სანქციები, უკრაინაში შეჭრის გამო, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას ემსახურებოდა.

თავის მხრივ, რუსეთმა პოლონეთში გაზის ექსპორტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც ქვეყანამ ბუნებრივი აირის ღირებულების რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ Yamal-ის 684-კილომეტრიანი პოლონური მონაკვეთი Europolgaz-ის საკუთრებაშია, მილსადენს გაზის გადამცემი პოლონური სახელმწიფო კომპანია Gaz-System-ი მართავს. „გაზპრომის“ დასანქცირების შემდეგ მილსადენის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, პარტნიორის გარეშე დარჩა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *