Porsche-მ მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი, 1000-ცხენისძალიანი ავტომობილი წარადგინა

Porsche-მ მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი, 1000-ცხენისძალიანი ავტომობილი წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი მასობრივად წარმოებული ავტომობილი წარადგინა. ახალი ელექტრო Taycan Turbo GT დღის სინათლეს მიმდინარე წლის ზაფხულში იხილავს და მის ელექტროძრავას 1,093 ცხენის ძალა ექნება. ავტომობილმა უკვე მოხსნა სარბოლო ტრასის რამდენიმე რეკორდი. ერთ-ერთ მათგანში მან Tesla Mode S-ის დაფიქსირებულ დროზე 18 წამით უკეთესი შედეგი აჩვენა.

მაღალი ცხენის ძალა და სწრაფი აჩქარება სპორტული ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლებია. თუმცა Porsche-ს ახალი ელექტრომობილის მთავარი ღირებულება მხოლოდ სიჩქარე არ იქნება. მიუხედავად მისი მძლავრი ელექტროძრავისა, ის კლასიკური სარბოლო ავტომობილი არ გახლავთ და მისი გამოყენება მძღოლს ყოველდღიურობაშიც გაუმარტივდება.

Porsche-ს მიზანია, დაამსხვრიოს მითი, რომ ელექტრომობილები შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე მოსაწყენია. გერმანული ავტომწარმოებლის უკანასკნელი ელექტრომოდელები კი ამ სტერეოტიპის დანგრევის საუკეთესო მაგალითია.

ახალი ელექტრო Porsche Taycan Turbo GT ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, რომლებიც ჯამურად 1,093 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი Porsche 911 Carrera-ს 379 ცხენის ძალა აქვს, Toyota Prius-ს კი – 196. Porche Taycan Turbo GT-ს ღირებულება $230,000-დან დაიწყება.