ქართლის ქარის ელექტროსადგურის შეფასება დასრულებულია და ის უახლოეს პერიოდში ელექტრონულ აუქციონზე განთავსდება. სადგური აუდიტორულმა კომპანიამ BDO შეაფასა.
ენერგეტიკის განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ შესაბამისი დოკუმენტი მთავრობას უკვე წარედგინა.
შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი ამბობს, რომ სადგურის მიმართ ინტერესი დიდია, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან. ყაზარაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებამდე ქარის სადგურის ღირებულებას ვერ ასახელებს.
ენერგეტიკის განვითარების ფონდში იმედოვნებენ, რომ სადგურის აუქციონზე განთავსება თვის ბოლომდე მოხდება. ელექტროსადგური იმ ვალდებულებებით გაიყიდება რაც დღეს აქვს, – მათ შორის „ესკო“ იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში, შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6,89 ცენტად. ამასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდში მიჩნევენ, რომ ეს ვალდებულება სადგურს მომავალშიც უნდა შეუნარჩუნდეს.
“ვთვლით რომ ეს ვალდებულება მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რადგან 20 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს ქარის სადგურის ტურბინებს და ამ დროის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია საქართველოს უნდა მოხმარდეს. ამით იმპორტის შემცირება გვსურს”, – ამბობენ ფონდში.
ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 16 ნოემბერს ჩაირთო – ამ დრომდე კი სადგურმა თითქმის 51 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავა, გადაჭარბება დაახლოებით 3 მლნ კვტ.სთ. იყო. სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა.