საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, Axel ადრეულ ინვესტორთა ანუ ბიზნეს ანგელოზთა პანევროპული ასოციაციის, EBAN-ის წევრი გახდა. ამის შესახებ Axel-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.
EBAN ევროპის მასშტაბით 150-ზე მეტ ანგელოზ ინვესტორთა ორგანიზაციას აერთიანებს. Axel-ში აცხადებენ, რომ EBAN-ში გაერთიანება მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, როგორიც არის საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზების გამოცდილების გაზიარება, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები, ევროპის წამყვან ბიზნეს ანგელოზთა ქსელთან დაკავშირება, EBAN-ის საგანმანათლებლო მასალებსა და ვებინარებზე უფასო წვდომა.
ამასთან, EBAN-ის წევრობა Axel-ს შესაძლებლობას აძლევს, EBAN-ის ყოველწლიურ ღონისძიებებზე საქართველოს ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგიური სტარტაპები წარმოაჩინოს. ამასთან, Axel არის ამ ასოციაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (Central & Eastern Europe-CEE) საზოგადოების ნაწილი, რომლის მიზანიც წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.
„მოხარულები ვართ, რომ Axel პანევროპულ ასოციაცია EBAN-ში შემოგვიერთდა. ჩვენ მათი შენაძენით ძალიან გაგვიმართლა, რადგან აქსელი დიდ შრომას სწევს საქართველოში ბიზნეს ანგელოზთა განვითარებისთვის.. ჩვენ მთელი გულით ვუჭერთ მხარს მათ ძალისხმევას, ქვეყანაში ანტრეპრენერული და საინვესტიციო ეკოსისტემის გაძლიერებისთვის. ისინი ჩვენი ქსელის შესანიშნავი და სანდო მოკავშირეები იქნებიან რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპ ეკოსისტემაში. EBAN-ში გაწევრიანებით, ქართველ ბიზნეს ანგელოზთა საზოგადოებას ახლა უკვე წვდომა ექნება ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფ კოლეგა ინვესტორებთან, რათა ურთიერთკავშირი ჰქონდეთ, ისწავლონ და შესაძლოა, თანაინვესტირებაც კი განახორციელონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება EBAN-ში!“ – აცხადებს EBAN-ის სამდივნოს დირექტორი, იაკოპო ლოსო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ინოვაციური, მასშტაბური ბიზნესის დაწყების დროს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი „ჭკვიან ფულზე“, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ბიზნეს ანგელოზები მეგობრებისა და ოჯახის დაფინანსებისა და ვენჩურული კაპიტალის (VC) რაუნდებს შორის სიცარიელეს ავსებენ, რაც სტარტაპის ზრდისა და წარმატების პოტენციალისათვის გადამწყვეტ ეტაპად ითვლება. მათ სხვადასხვა გამოცდილება აქვთ, არიან ან მეწარმეები ან ბიზნესის წარმატებული პროფესიონალები, რომლებსაც სურთ, სტარტაპებში საკუთარი კაპიტალი და დრო ადრეულ ეტაპზე ჩადონ.
„ანგელოზებს, როგორც წესი, დაფინანსების გარდა, უფრო მეტი, ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა აინტერესებთ. თუმცა ეს მხოლოდ მცირე მიზეზია, რის გამოც ადამიანები ანგელოზი ინვესტორები ხდებიან,“ – ნათქვამია Axel-ის განცხადებაში.
Axel-ის მმართველი დირექტორის, თათული ოქრიაშვილის თქმით, საქართველოში ბიზნეს ანგელოზთა ინვესტიცია ფეხს იდგამს, როგორც კაპიტალის ეფექტიანი და აქტუალური ფორმა, რაც ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემაში ფუნდამენტურ როლს ითამაშებს.
„EBAN-ში გაწევრიანებით ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი წევრებისთვის, ქართველი და უცხოელი ანგელოზი ინვესტორებისთვის, არამედ საქართველოს ევროპის ბიზნეს ანგელოზთა საინვესტიციო რუკაზე ვაჩენთ,“ – აცხადებს თათული ოქრიაშვილი.