ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის, Qatar Airways-ის მოგების წლიური მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა და რეკორდული $1.67 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება შემოსავალს, ფისკალური წლის ბოლოსთვის კომპანიის შემოსავლები 6%-ით გაიზარდა და $22 მილიარდი შეადგინა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ გასული წლის განმავლობაში 40 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 83%-იანი დატვირთვის მაჩვენებელია. Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, რეკორდული მოგების მიღება კომპანიის პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც ეფექტიანობისა და მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნა პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა და წლის ბოლოსთვის მას გადააჭარბებს კიდეც. შესაბამისად, ავიაკომპანიების შემოსავლების ზრდა აღნიშნულსაც უკავშირდება.
თუმცა ინდუსტრიის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი მაინც აფერხებს. ავიაკომპანიების მიერ საჰაერო ტრანსპორტის მწარმოებლებთან დადებული ხელშეკრულებები იმ ტემპებით ვერ ხორციელდება, როგორც დაგეგმილი იყო. თვითმფრინავების მიწოდებაში შეფერხებები კი საჰაერო მიმოსვლის ხარისხის გაუმჯობესებაზე უარყოფითად აისახება. Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორი მწარმოებლებს, Airbus-სა და Boeing-ს აღნიშნული შეფერხებების აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს.