აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი კომპანია უცხოურ ბიზნესგარიგებებს შეეშვებოდა. მაგრამ რა ხდება, როცა ბიზნესკოლეგები მას გარკვეული ქმედებებისკენ უბიძგებენ მანამ, სანამ ის პოსტზეა ან მას მერე, რაც ამ პოსტს დატოვებს? ვნახოთ, რა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე. ამგვარ კონფლიქტს ჩვენი დამფუძნებელი მამები ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ.
გიორგი რამიშვილი ღამის კლუბში დააბიჯებს, ბოლში განათებები ციმციმებს, მუსიკა პულსირებს, ტინეიჯერები კი ოფლად იღვრებიან. ეს კლუბი, რომელსაც რამიშვილი ფლობს, ბათუმში მდებარეობს – ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის, საქართველოს 150, 000 მცხოვრებლით დასახლებულ ზღვისპირა ქალაქში. 50 წლის რამიშვილი ერთი ოთახიდან მეორეში ინაცვლებს და ბოლოს უკანა მხარეს, სასადილო სივრცეზე აკეთებს არჩევანს, რომლის კედლებში მაინც აღწევს მუსიკის რიტმები, თუმცა საკმარისი განათება და სიწყნარეა, საქმიანად რომ ისაუბრო.
ორ კოლეგასთან ერთად, რამიშვილი გრძელი ხის მაგიდის თავში ჯდება და ფანჯრიდან შავი ზღვის გასწვრივ გაჭიმულ მიწის მონაკვეთს უცქერს. სწორედ აქ გეგმავდა ის 47-სართულიანი Trump Tower-ის აშენებას. დეკემბერში, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში გადანაცვლებასთან ერთად, გარიგება ჩაიშალა და შედეგად, რამიშვილი 15 აკრის ცარიელი მიწისა და უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: რა უნდა ქნას უცხოელმა ბიზნესმენმა, როცა მისი პარტნიორი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხდება და ერთობლივ პროექტს გაურკვეველი ვადით აჩერებს?
ამ კითხვაზე პასუხი ტრამპის პრეზიდენტობის ეპოქის ერთ-ერთი დიდი პრობლემის კიდევ ერთი ილუსტრაციაა – პრობლემისა, რომელსაც სხვა არაერთი დიდი პრობლემის ფონზე ნაკლები ყურადღება ექცევა.
რამდენადაც ტრამპმა საკუთარი აქტივების შენარჩუნება გადაწყვიტა, ეს ერთგვარი სიგნალი გახდა უცხოელი ბობოლებისთვის, რომ პრეზიდენტს მომავალში კვლავ ექნება ფულთან წვდომა, თავად ისინი კი, მოკლევადიან პერსპექტივაში, გამდიდრებას შეძლებენ.
რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს. ყალბი Trump Tower-ი იმავე 15 აკრის ტერიტორიაზე აღიმართება და ტრამპის მიერ მოწონებულ იმავე დიზაინს გამოიყენებს. რამიშვილის გვერდით ტეხასელი დეველოპერი ტიმოთი ბარტონი ზის, რომელიც წლებია, ტრამპის პროექტებზე მუშაობს და რომელიც, ერთი შეხედვით, მოწადინებულია, ამ პროექტსაც აქტიურად მოჰკიდოს ხელი. ინტერიერი დაახლოებით ისეთივე იქნება, ივანკა ტრამპმა რომ წარმოიდგინა. ამ ადგილთან ახლომდებარე ქუჩას საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, დონალდ ჯ. ტრამპის სახელიც კი დაარქვას; პარტნიორებმა სამშენებლო პროექტი უკვე განიხილეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ხოლო ამ ღამეს, ამ კლუბში, რომელიც, თავის მხრივ, მომავალი ყალბი Trump Tower-ის ასლს წარმოადგენს, რამიშვილი, ბარტონი და ნიუ-იორკში მოღვაწე ბიზნესპატნიორი გიორგი რცხილაძე სახელის შესახებ ბჭობენ, რომელშიც Trump-ი იფიგურირებს, თუმცა მთლად Trump-იც არ იქნება…
„T…“ – ამბობს რცხილაძე, რომელმაც მოღვაწეობა მუსიკოსის რანგში, King George-ის სახელით დაიწყო. – შეიძლება ამ T-ს გამოყენება“.
რამიშვილი ფიქრობს.
„T Tower-ი, – ამბობს გაღიმებული, – T Tower-ი!”
„ჰო, ეგაა. სრულიად საკმარისია… ყველა შეამჩნევს“, – ამბობს King George-ი. სწორედ მისი იდეა იყო შვიდი წლის წინ Trump Tower-ის საქართველოში აშენება. – Tower-ს თუ გამოიყენებ და T-ს, უკვე Trump Tower-ი გამოდის… ან Fifth Avenue Tower-იც შეიძლება. კი, ცოტათი პათეტიკურია, მაგრამ მიზანში ურტყამს“.
პარტნიორების თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ მოვა დრო და ეს თამაში საერთოდ აღარ დასჭირდებათ, ძველ სალიცენზიო ხელშეკრულებას განაახლებენ და ცათამბჯენს Trump Tower-ს დაარქმევენ, გაყიდვებიდან კი პრივილეგიებისთვის დაახლოებით 12%-ს პრეზიდენტის ბიზნესს შესწირავენ. „თუ Trump-ის ბრენდი მზად იქნება, ცათამბჯენს დაუბრუნდეს, – ამბობს King George-ი, – მაშინ ცათამბჯენიც მზად იქნება ამ ბრენდისთვის“.
ეს ყველაფერი ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სრულიად ახალ საკითხებს წამოჭრის. იანვარში ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს არც ერთ უცხოურ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა, მაგრამ მისი მთელი რიგი ამჟამინდელი თუ ყოფილი პარტნიორები ზედმეტად მოწადინებულები არიან, წინ წავიდნენ, რითაც პრეზიდენტს პოტენციურად უბიძგებენ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რამაც, შესაძლოა, მის ფინანსურ მომავალზე იქონიოს გავლენა… მოსწონს მას ეს თუ არა. მსოფლიოს მინიტრამპები თვითარჩეული ხალხია და მათ, თავიანთი მეგზური ვარსკვლავის მსგავსად, ესმით, რომ ხმაური მოგებას ნიშნავს… რეალურ პოლიტიკას კი ჯანდაბამდეც გზა ჰქონია.
„არც კი მადარდებს, [საგანგებო პროკურორი რობერტ] მიულერი აქ ჩამოვა თუ არა, – ამბობს King George-ი, რომელიც Trump Tower-ის პროექტის გასაცოცხლებლად ყაზახეთშიც მუშაობს და ამ პროექტის შესახებ მოლაპარაკებები მას მერე აწარმოა, რაც ადგილზე ტრამპის პირადი იურისტი, მაიკლ კოენი ჩაიყვანა. – ვერაფერი აღმოაჩინეს. არც არაფერია აღმოსაჩენი. შემიძლია, T Tower-ი დავარქვა. რატომაც არა? კანონის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არაა. მედიაყურადღების თვალსაზრისით, გენიალური იდეაა“.
პრობლემებს – და, თავის მხრივ, მედიას (დიახ, მათ რიცხვში, Forbes-საც) – ცეცხლი რომ შეუნთოს, King George-ი ასეთ რამეს ამბობს: „რუსეთიდან განზრახ ჩამოვიყვან ოც მოსკოველს და ბინებს ვაყიდვინებ. მერე ვიტყვი, რომ პუტინმაც იყიდა ბინა. მაგარი იქნება“ (მოგვიანებით განმარტავს, რომ ხუმრობდა). King George-ის მტკიცებით, ის Trump Organization-ის მთავარ მრჩეველს, ალან გარტენს „თითქმის ყოველკვირა“ ელაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ გარტენმა არ იცის ქართველ პარტნიორთა ამბიციების მასშტაბები. „მაიკლ კოენს შევძულდები, ალან გარტენს – კიდევ უფრო“. ჩვენ მრავალჯერ ვითხოვეთ კომენტარი, თუმცა არც გარტენი, არც Trump Organization-ი და არც თეთრი სახლის წარმომადგენლები თხოვნებს არ გამოხმაურებიან.
„კონგრესი ამაზე ილაპარაკებს, – დასძენს King George-ი. – ყველა ადგება და კონფლიქტებზე დაიწყებს ლაპარაკს. და ძალიანაც მომწონს. იმდენ წყეულ კონფლიქტს შევქმნით, სულ მთლად დაიბნევიან“.
დონალდ ტრამპის გარიგება საქართველოში 2009 წელს დაიწყო – არა როგორც პოლიტიკური დრამა, არამედ როგორც უბრალო ბიზნესექსკურსია ნაცნობებთან ერთად. King George-ი სოციალური წრეებიდან დონალდ ტრამპის ყოფილ ცოლს, ივანა ტრამპს იცნობდა და, ადგილობრივი შესაძლებლობების გასაცნობად, ის საქართველოში დაპატიჟა. მოგვიანებით, King George-ს ახალი იდეა გაუჩნდა: „რად გვინდა ივანა ტრამპი, როცა შეგვიძლია პირდაპირ [დონალდის] Trump Org-ი ვცადოთ?“
King George-ი აშშ-ში დაბრუნდა და მაიკლ კოენს დაუკავშირდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ასევე ნიუ-იორკის სოციალური წრეებიდან იცნობდა. როცა ამ გეგმებთან დაკავშირებულმა ხმებმა ტრამპამდეც მიაღწია, ის სულაც არ მოხიბლულა. „ერთადერთი ჯორჯია, სადაც ჩასვლას ვაპირებ, ატლანტაა“ – King George-ის თანახმად, ასე განუცხადებია მომავალ პრეზიდენტს.
მაგრამ King George-ი ენერგიული დილერია. ნახევარი ბავშვობა მოსკოვში გაატარა, ნახევარი კი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ხოლო 1991 წელს, 22 წლის ასაკში, ნიუ-იორკში ჩავიდა და მუსიკალურ კარიერას მიჰყო ხელი, რასაც შედეგად ერთი ალბომი მოჰყვა, რომელსაც თავად „თანამედროვე Genesis-ად“ მოიხსენიებს. უფრო კომპეტენტური აშშ-სა და ყოფილ საბჭოთა აღმოსავლეთ ევროპას შორის ხიდების გადებაში გამოდგა: მოსკოვში Comp USA-ს კომპიუტერები ჩაიტანა, საქართველოში კი Procter & Gamble-ის პროდუქტები და Philip Morris-ის სიგარეტები. მსგავსმა გარიგებებმა კავშირებს დაუდო საფუძველი, ხოლო კავშირებმა – ინვესტიციებს საბანკო სფეროში, მედიასა და ენერგოსექტორში.
Trump Tower Georgia-ს განსახორციელებლად მას საქმეში აშკარად უფრო მდიდარი, უფრო გავლენიანი რამიშვილი უნდა ჩაერთო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგოსექტორში ეხეირა: აზერბაიჯანიდან და ჩეჩნეთიდან ნავთობპროდუქტები საქართველოსა და შავი ზღვის პორტებში ჩაჰქონდა, საიდანაც ამ პროდუქტების გადაზიდვა ევროპულ ბაზრებზე იყო შესაძლებელი.
საქართველოში რთული დრო იდგა. „იყო შემთხვევები, როცა ბიზნესის ხალხს ქუჩებში კლავდნენ, – ამბობს Transparency International Georgia-ს დირექტორი ეკა გიგაური. – საქართველოში ცხოვრება ნამდვილად არ იყო უსაფრთხო. სისტემა კორუმპირებული იყო“.
თავისი Silk Road Group-ით, რამიშვილმა 90-იანებში შეძლო თავის გატანა და ბოლოს, ისეთ პიროვნებებთან დაიწყო კონტრაქტების დადება, როგორიც ყაზახური ფინანსური ინსტიტუტის თავმჯდომარეა, რომელიც მოგვიანებით ქვეყნიდან გაიქცა ბრალდებით, რომ მილიარდები ჰქონდა მოპარული. რამიშვილმა საკუთარი ცნობადობა თეირანსა და რუსეთშიც გაზარდა. 2004-ში ის დააკავეს და რამდენიმე დღით ციხეში ჩასვეს, თუმცა ბრალი არ წაუყენებიათ. 2013-ში საქართველოს მთავრობამ მის კომპანიაში ფულის გათეთრების აღმოსაჩენად ინსპექცია დაიწყო, მაგრამ მომდევნო წელს შემოწმება შეწყვიტა, მიზეზად კი მტკიცებულებათა არარსებობა დაასახელა.
დღეს, როგორც თავად ამბობს, მისი ბიზნესები $500 მილიონს მოიცავს დივერსიფიცირებულ ქართულ აქტივებში და მუდამ სუფთად წარმართავს საქმეს, რაც, როგორც ჩანს, Trump Organization-ისთვის საკმარისი აღმოჩნდა. King George-ის თქმით, მან ორგანიზება გაუწია შეხვედრას ნიუ-იორკის უძრავი ქონების დეველოპერსა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის. ერთი წლის შემდეგ, 2011-ში, ქართველები უკვე საქმეში იყვნენ ტრამპთან; ავანსის სახით, მისთვის $1 მილიონი მიეცათ, ხოლო, როცა აპარტამენტების გაყიდვა დაიწყებოდა, მთლიანი შემოსავლებიდან რისკისგან თავისუფალ 12%-ს გადაუხდიდნენ.
მაგრამ 2013 წელს სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა. პარალელურად ქართული ეკონომიკაც შეფერხდა. The Silk Road Group-მა პროექტის შეჩერება გადაწყვიტა, რასაც ერთი უხერხული შეხვედრა მოჰყვა 2015 წელს – მანამ, სანამ ტრამპი თავს საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებდა. როგორც King George-ი ამბობს, ის მეხუთე ავენიუზე მიდიოდა, როცა ქუჩაში მომავალი პრეზიდენტი დაინახა. შერცხვენილმა, რომ ცათამბჯენის მშენებლობა გაჩერებული იყო, King George-მა ხალხში დამალვა სცადა, მაგრამ ტრამპმა ის მაინც შეამჩნია. „გიორგი, არ დამაღალატო!“ – მითხრა დონალდმა“, – ჰყვება King George-ი.
საბოლოო ჯამში, თავად ტრამპმა დააღალატა რამიშვილი და King George-ი. ტრამპის მიერ ჰილარის დამარცხებიდან ერთი თვის თავზე, Trump Organization-ის იურისტებმა King George-ს დაურეკეს და უთხრეს, გარიგებიდან გასვლა გვინდაო, მიზეზად კი, როგორც ქართველები იხსენებენ, აშშ-ის კონსტიტუციის ის მუხლი დაასახელეს, რომელიც ფედერალურ მაღალჩინოსნებს უკრძალავს, მიიღონ საჩუქრები, გადასახადები თუ „გასამრჯელო“ უცხოური მთავრობებისგან. გაუგებარია, რატომ შეაშფოთა ასე ძალიან პრეზიდენტი საქართველომ და არა სხვა ქვეყნებმა, სადაც ბიზნესი აქვს, მით უფრო, რომ არაერთი სასამართლო დავა სწორედ ამ მუხლის დარღვევის ბრალდებით ემუქრება. King George-ი ამბობს, რომ ტრამპის უკან დახევის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსეთის მტრული დამოკიდებულება იყოს პატარა სამხრეთელი მეზობლისადმი, თუმცა მიაჩნია, რომ მეტი ალბათობით, Trump Organization-ს ჰქონდა გარკვეული შიშები საქართველოს მთავრობის მხრიდან მშენებლობაზე ნებართვის გაცემის კუთხით.
King George-ის თქმით, ის უკან არ დაიხევს და თავის ძველ – და მომავალ – პარტნიორს დახმარებას სთხოვს იმ შემთხვევაში, რუსებმა (რომელთაც თითქმის ათი წლის წინ აქ ომი გააჩაღეს) საქართველოს დაპყრობა რომ გადაწყვიტონ. „ვფიქრობ, ნებისმიერი ქართველი სიამოვნებით დაუკავშირდებოდა თეთრ სახლსა და ამერიკის მთავრობას დახმარების სათხოვნელად, – ამბობს King George-ი, – და მეც ყველა ღონეს ვიხმარდი, რაიმე გზა რომ გამომენახა“.
მაგრამ სწორედ ამგვარი მაღალი ფსონების სცენარია, სადაც ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა, ყველაზე პრობლემური გახდეს. „სად ვიქნებოდით მეორე მსოფლიო ომში, ფრანკლინ რუზველტს სხვადასხვა თანამდევი ხელშეკრულება რომ ჰქონოდა გერმანიასთან?“ – კითხვას სვამს რიჩარდ პეინტერი, რომელიც ჯორჯ ვ. ბუშის მთავარ იურისტად მსახურობდა ეთიკის საკითხებში.
ამ კითხვის დასმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება. Trump Organization-ი პარტნიორებს, სულ ცოტა, ათ ქვეყანაში ინარჩუნებს. და მათ რიცხვში არ არიან საქართველო და ყაზახეთი, სადაც ყოფილი პარტნიორები თვლიან, რომ აქვთ უფლება, პროექტები სისრულეში მოიყვანონ, ყოველ შემთხვევაში, მთლად ოფიციალურად თუ არა, სულისკვეთების მხრივ მაინც იმ იმედით, რომ პრეზიდენტი მომავალში კვლავ ოფიციალურ სახეს მისცემს მათ პროექტებს.
„მას უკვე გადავუხადეთ, – აღნიშნავს King George-ი. – მათ გააუქმეს. კარგი. ჩვენი ერთობლივი განაცხადი შემდეგს ამბობს: „ამ ტიპებს პატივისცემით მოვექცევი. ჩვენ ისინი გვიყვარს. მაგრები არიან“. ერთ დილასაც დონალდი თეთრ სახლში გაიღვიძებს და იტყვის: „ეს დ*და*ოტ**ული ყველაფერს მიხვდა“. აი, ზუსტად ასე იტყვის“.
ლურჯ-თეთრი ვერტმფრენის უკანა სავარძლიდან რამიშვილი მომავალი ყალბი Trump Tower-ის ჩრდილოეთით მდებარე სამეურნეო ფართს გადასცქერის. ამ მინდვრებს, რაღაც მომენტში, მთები ენაცვლება და ვერტმფრენიც შორეულ ხეობაში ეშვება. რამიშვილი ჩქარ-ჩქარა ტოვებს ვერტმფრენს: ერთგვარი რელიგიური სასტუმროს გახსნაზე ჩქარობს, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი – პაპის ადგილობრივი ეკვივალენტი – მასპინძლობს.
რამიშვილის გავლენა აშკარაა. მღვდელი მას უმალ ამჩნევს ხალხის მასაში, ხელს უქნევს და წინა რიგისკენ უხმობს, სადაც ის ჩერდება, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ესალმება და მათ გვერდით დგება. როცა პატრიარქი სიტყვას ამთავრებს, მღვდელი მას კვლავ უქნევს ხელს და პატრიარქის ხელის საკოცნელად უხმობს. რამიშვილი შეკრებილთაგან პირველია, ვისაც ეს პატივი – პატრიარქის ხელის კოცნა – ერგება. ის მართლაც მუხლს იყრის, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კი ამასობაში მის უკან იცდიან. რამიშვილი საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებთანაც ცვლის თავაზიან სიტყვებს.
მსგავსი კავშირები მეტად გამოსადეგია. რამიშვილი ქართული კანონების იმგვარ ცვლილებებზე ლაპარაკობს, მის ბიზნესს რომ ახეირებს. იმედი აქვს, რომ Trump-ის პროექტის მეზობლად კაზინოს ააშენებს; ჰოდა, მთავრობას უბიძგა, სხვა კაზინოები ქალაქში შეეზღუდათ, კაზინოთა ოპერირების ლიცენზიების ვადები გაეხანგრძლივებინათ და დამატებითი ინვესტიციებისთვის გარკვეული თანხები მოეთხოვათ, რითაც პოტენციური მეტოქეებისთვის ბარიერებს ქმნის.
ერთი რამ უნდა აღინიშნოს: როგორც პრეზიდენტის ტვიტი წინააღმდეგობაში მოდის წინა დღის ტვიტთან, King George-იც ახლა უარყოფს, რომ დონალდ ტრამპთან დადებული ხელშეკრულების შთაგონება ივანა ტრამპი იყო, რომ დონალდ ტრამპმა თავდაპირველად აბუჩად აიგდო ქართული გარიგება, რომ ქუჩაში ტრამპმა მას უთხრა, არ დამაღალატოო („ეს ჩემი შინაგანი ხმა იყო“) და რომ თავად ცდილობს, მედიაშტორმი ამ ინტერესთა კონფლიქტი შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან, ფაქტობრივად, ამ ყველაფრის საპირისპირო რაღაცები თქვა. თავის მხრივ, რამიშვილი უარყოფს, თითქოს თავის სასარგებლოდ სამთავრობო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდეს.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტრამპი, საბოლოოდ, უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ქართველთა დუეტი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი ბიზნესპარტნიორის რანგში ივანა ტრამპის დაბრუნებაა, რათა ცათამბეჯენისთვის მისი, საკმაოდ მსგავსი სახელის ლიცენზირება მოხდეს. მეორე ტრამპის მოკავშირის, სტივ ვინის გადმობირებაა, რათა, მისი დახმარებით, მათ უფრო დიდი ტერიტორია აზარტული თამაშების ცენტრად აქციონ.
ან დუეტს, სულაც, შეუძლია, ამჟამინდელი კურსი გააგრძელოს: ცათამბჯენი ლეგალურად დამოუკიდებელი იყოს ყველა იმ ადამიანისგან, ვისი გვარიც ტრამპია, და, ამავე დროს, პრეზიდენტთან აღქმული კავშირის გამო ფული მაინც გააკეთონ. „გარიგების ჩაშლა, შესაძლოა, საუკეთესო რამე აღმოჩნდეს, – ამბობს King George-ი. – აბა, სხვაგან სად ნახავ საშუალებას, ტრამპის სახელი შენი საკუთრების შესაფუთად გამოიყენო? სად? როგორ? რა დაგიჯდებოდა ეს დღეს? ტრამპის სახელთან პროექტის ასოცირება, დღესვე რომ მოგიხდეს ფულის გადახდა, შეიძლება, $50 მილიონი დაგჯდომოდა ან ალბათ მეტი. ახლა ამის გაკეთება უფასოდ შეგიძლია“.
ხოლო რამიშვილის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი მოვლენებს აკვირდება. მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით იყო. უმეტესად, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ჰქონდა შეხვედრები, მაგრამ რამდენიმე წუთი ოვალურ კაბინეტშიც ერგო პრეზიდენტთან. რამიშვილი, რომელიც მათ შეხვედრას არ დასწრებია, ამბობს, რომ ტრამპს თავისი უძრავი ქონების ყოფილი ბათუმური პროექტი მოუკითხავს.
მართალია, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, უცხოურ ბიზნესგარიგებებს აღარ დავდებ პრეზიდენტობის დროსო, აშკარად აქტიურ მცდელობებს აქვს ადგილი, გაარკვიონ, რა მოხდება მას მერე, რაც ის თეთრ სახლს დატოვებს. ტრამპის კამპანიის დაწყების დღიდან, როგორც ამბობენ, მისმა კერძო ბიზნესმა შვიდ ქვეყანაში 50 ახალი ლიცენზიით იხეირა და გარკვეული გაფართოებებითაც ზოგ ქვეყანაში, მათ შორის, 2016 წელს ექვსი რუსეთს უკავშირდება, რომელთაგან ოთხზე ნებართვა 8 ნოემბერს გაიცა – იმ დღეს, როცა დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
King George-ის აზრით, ქართული გარიგება ტრამპის ფინანსური პერსპექტივებისთვის, შესაძლოა, მთავარ წყაროდ იქცეს მისი პრეზიდენტობის დასასრულს (ან მანამდეც, თუ Trump Organization-ი ასე გადაწყვეტს). „ან შედგება გარიგება, ან – არა, – ამბობს ის, – როცა გადაწყდება, შესაძლებლობათა ფანჯარაც მაშინ გაიხსნება“.
და რა გასაკვირია, რომ King George-ი ამ საკითხთან დაკავშირებით თავმდაბლობას სრულებით არ იჩენს. მხოლოდ ზედმიწევნით „ტრამპულს“ თუ ვუწოდებთ ქართველთა დუეტის ამ ნაბიჯს. მეტიც, ისინი გეგმავენ, სექტემბრის მიწურულს, ნიუ-იორკში ჩავიდნენ და ნამდვილი Trump Tower-იდან ყალბი Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ გააკეთონ განცხადება.