G7-ის სახელმწიფოებმა ვიეტნამთან, ქვანახშირზე დამოკიდებულების შესამცირებლად, $15.5 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ვიეტნამი უკვე მესამე სახელმწიფოა, რომელთანაც G7-მა მსგავსი ტიპის შეთანხმება გააფორმა.
თავდაპირველი გეგმით, ვიეტნამსა და G7-ის ქვეყნებს ე.წ. „Just Energy Transition Partnership“ შეთავაზება ეგვიპტეში ჩატარებულ COP27 სამიტზე უნდა განეხილათ. ცნობისთვის, ვიეტნამი, მსოფლიო მასშტაბით, ქვანახშირის ტოპ-20 გამომყენებელში შედის. ვიეტნამის დასარწმუნებლად, მხარი დაეჭირა შეთავაზებისთვის, დასავლელმა ლიდერებმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ქვეყნისთვის უფრო დიდი ფინანსური პაკეტი რამდენჯერმე შეიმუშავეს.
ახალი შეთავაზების თანახმად, $15.5 მილიარდიდან ნახევარს სახელმწიფო სექტორი, ხოლო მეორე ნახევარს კერძო სექტორი უზრუნველყოფს. საკითხთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება გაცემული გრანტების სახით, მის დიდ ნაწილს კი სესხები წარმოადგენს. საწყის თანხას ვიეტნამი მომავალ 3-5 წელიწადში მიიღებს.
მსგავსი ტიპის შეთანხმება G7-ის სახელმწიფოებმა შარშან – სამხრეთ აფრიკასთან, გასულ თვეში კი ინდონეზიასთან გააფორმეს. G7-ის ქვეყნები სამხრეთ აფრიკას $8.5 მილიარდს დაჰპირდნენ, ინდონეზია კი $10 მილიარდს მიიღებს.