დარიცხვის მეთოდი (ინგლისურად accrual method of accounting) არის ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, რომლის გამოყენების დროს ეკონომიკური მოვლენების აღიარება ხდება მათი მოხდენისთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გადახდილი/მიღებული ფულადი სახსრები, ან მოხდება თუ არა მომავალში აღნიშნული ფულადი სახსრების გადახდა/მიღება.
დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას შემოსავლები უნდა აღირიცხოს შემოსავლის მიღების უფლების მოპოვებისთანავე. მაგალითად, თუ მაღაზიიდან 100 ლარის პროდუქცია გაყიდეთ, მაგრამ თანხას ერთ კვირაში გადაგიხდიან, დარიცხვის მეთოდის თანახმად, 100 ლარის გადახდას არ უნდა დაელოდოთ და ეს დავალიანება წარმოშობისთანავე უნდა აღრიცხოთ შემოსავლად.
დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას ხარჯები უნდა აღირიცხოს ხარჯად აღიარების მომენტში და არა მაშინ, როცა ფაქტობრივად გადაიხდით. მაგალითად, თუ გადასახდელი გაქვთ მიღებული ნედლეულის საფასური 1,000 ლარი, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდში გადაიხდით, ის უკვე ხარჯად უნდა აღრიცხოთ ბუღალტრულ ანგარიშებში.