ბიზნესში წარმატების ფილოსოფია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება – სწორი კომუნიკაციით დაამყარო ნაყოფიერი ურთიერთობები. თითქოს ყველამ იცის ეს ელემენტარული ჭეშმარიტება და მაინც… როგორია ჩვენი უნარები, რაც გვეხმარება მოიმატოს მოგების მარჟამ, განვითარდეს ჩვენი საქმიანობა ხელსაყრელი მიმართულებით, მივაღწიოთ ორმხრივ კმაყოფილებას და რაც მთავარია, გავიმყაროთ ნდობა.
რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჩანდეს, ყოველივე იმ 6 საფეხურიან ციკლზეა დამოკიდებული, რასაც ურთიერთობის ხელოვნება გვასწავლის და გვაჩვევს. ჯაჭვურ რეაციათა პირველი რგოლია გვესმოდეს ერთმანეთის. როგორ მოვახერხოთ ეს? შეგახსენებთ, რომ კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია, რომლის დროსაც შეტყობინების გაგზავნა-მიღება სათანადო უკუკავშირზეა დამოკიდებული. ურთიერთგაგებისთვის სხვა არაფერია საჭირო, ვიდრე ვიყოთ აქტიური მსმენელი, ემპათიით განწყობილი, ტაქტიანი, სხვისი პოზიციის დამფასებელი და საკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებელი.
მეორე რგოლს წარმოადგენს გეგმაზომიერი კომუნიკაციები ანუ სწორად შერჩეულ ადამიანებს სწორ დროს მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია. ეს კი მოგეხსენებათ დაგეგვმისა და სტრუქტურირებული შეკითხვების გარეშე არ გამოდის. დავაკვირდეთ, ვინ არის ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი, ვკითხოთ საკუთარ თავს, ვის ვაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, დავაზუსტოთ – რატომ? რას მოველით ჩვენ ამ შეტყობინების გაგზავნით და რა მოლოდინი აქვს მიმღებს. გავყვეთ გეგმას და მოვუყვეთ ამბავი დაინტერესებულ მსმენელს მისთვის გასაგებ ენაზე. რას ვამბობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მეტი ძალა აქვს როგორ ვამბობთ!
ურთიერთგაგების შემდეგი ეტაპია საქმიანი მიმოწერის ნიუანსების ცოდნა. გსმენიათ ალბათ გადაბრუნებული პირამიდის პრინციპი. მკითხველის ყურადღების გამახვილება ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რას დავწერთ თავში. ასევე არსებითია არ გამოგვრჩეს ლოგიკური თანმიმდევრობა, რათა ადვილად გავაგებინოთ მკითხველს რატომ და რისთვის ვწერთ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვრცელი ანგარიშების შედგენისას, სადაც „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ მიდგომა განსაკუთრებით ფასობს. ლაკონურად, ხატოვნად და ობიექტურად გადმოცემული აზრი ყოველთვის ზუსტად აგნებს თავის ადრესატს.
მეოთე ნაბიჯი, რასაც სათანადო შედეგი მოაქვს, არის ჩვენი ქცევის კულტურა პირისპირ შეხვედრების დროს. ეს არის ფუნდამენტი გრძელვადიან ურთიერთობებში. სწორედ ასეთი საქმიანი საუბრები განსაზღვრავს როგორი იქნება ზედნაშენი. ამ პროცესში შეგვიძლია მივუსადაგოთ საუბრის შინაარსი და ჩვენი დამოკიდებულება საპირისპირო მხარის ინტერესებს, მისწრაფებებს, ფასეულობას. ამის მეშვეობით ვადგენთ, რა ტიპის კომუნიკაცია გამოვიყენოთ სამომავლოდ: შეთავაზების გასაკეთებლად, ანგარიშის დასაწერად და ა.შ. პირველი შთაბეჭდილების მისაღებად მეორე შანსი რომ არ გვაქვს, ხომ ვიცით?! სიტყვაზე მეტად სხეულის ენა და ჩვენი გარეგნული იერ-სახე რომ უფრო შთამბეჭდავია, ესეც გვახსოვს. ამიტომ სასურველი ზეგავლენას მხოლოდ მაშინ მოვახდენთ, როდესაც ბუნებრივად წარმოვაჩენთ ვინ ვართ, როგორ გამოვიყურებით და რამდენად დახვეწილია ქცევის ეთიკა.
ციკლური პროცესის კიდევ ერთი საჭირო რგოლია ნაყოფიერი საქმიანი საუბრები, იქნება ეს სათათბირო ხასიათის თუ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის მცდელობა. კონსტრუქციული დიალოგის ენაზე რომ უნდა ვისაუბროთ, ეს თავისთავად ცხადია, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია „გავტეხოთ ყინული“, დავთმოთ პირადი ამბიცია და შევჯერდეთ საერთო ინტერესზე. რაც უფრო დავაკონკრეტებთ განსახილველ თემას, რაც მეტ ჩანაწერს გავაკეთებთ არსებით საკითხებზე და ყურადღებას გავამახვილებთ საკვანძო მომენტებს, მით უფრო მოწესრიგებულად ჩაივლის საქმიანი შეხვედრა. დროსაც დავზოგავთ, ენერგიასაც და სასურველი შედეგით ორმხრივად კმაყოფილიც დავრჩებით.
და აი მივადექით, მეექვსე საფეხურს: შედეგიანი წარდგენა. რას ვგულისხმობთ?! აქ ფაქტობრივად შეჯამებულია ყველა ის უნარი, რაც უკეთეს კომუნიკაციას და ნაყოფიერ ურთიერთობას აყალიბებს. წარდგენის მომზადება ზუსტად იმ სქემით ხდება, რაც მოიცავს: იცნობდეთ საკუთარ თავს, იცოდეთ თემა, იცნობდეთ აუდიტორიას, თქვით მოკლედ და გასაგებად, ისე რომ გაუადვილოთ მსმენელს აღქმა, დამახსოვრება და შესაბამისი ქმედების გაკეთება. ორატორული ხელოვნების 3 მნიშვნელოვანი კომპონენტი: ეთოსი, ლოგოსი და პათოსი გვასწავლის როგორ წარვდგეთ საუკეთესოდ ნებისმიერ ვითარებაში, როგორ დავარწმუნოთ მეორე მხარე ნათქვამის ჭეშმარიტებაში, როგორ ვმართოთ ემოციები და შევინარჩუნოთ ნდობა.
უორენ ბაფეტმა ერთხელ ბიზნეს კლასის მოსწავლეებს ურჩია, რომ თუ ისინი გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს, მათი წარმატება 50 %-ით მოიმატებს. ამიტომ შევხედოთ საკუთარ თავს სარკეში, უფრო სწორად, ჩავხედოთ “თვალებში” და აღმოვაჩინოთ სად მოვისუსტებთ, რისი დახვეწა გვჭირდება და შევუდგეთ გამოსწორებას.
ამ თემასთან დაკავშირებით ტრადიციულად გადავხედე ფორბსის სტატიებს. ერთერთ ავტორს საინტერესო მიგნებები აქვს ბიზნესკომუნიკაციების გურუს დაიანა ბუჰერის წიგნიდან – “კიდევ მეტი რა შემიძლია გითხრათ”. ვფიქრობ, თქვენც დაგაინტერესებთ, გაიგოც უფრო მეტი ეფექტიანი ბიზნეს კომუნიკაციის პარამეტრებზე. თვითშეფასებაში დაგეხმარებათ მისი პირველი რეკომენდაცია: გაიმყარეთ რწმენა საკუთარი თავის, თქვენი შეტყობინებისა და საკომუნიკაციო საშუალების მიმართ. ეს იძლევა რეციპროკულ ანუ ურთიერთშექცევად შედეგს ნდობის მოსაპოვებლად. მეორე რჩევა ეხება კოლაბორაციულ ურთიერთობებით ლიდერობის უნარის გამომუშავებას ანუ მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის ფორმატში გადასვლას. რაც მთავარია, გამოიყენეთ მარტივი გამონათქვამები, ადვილად გასაგები ფრაზები და საერთოდ, იყავით უშუალო ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი პოზიციის, სტატუსისა თუ ასაკის მიუხედავად. ტაქტი და თავშეკავება რომ გვმართებს ყველგან, ყოველთვის, ამას ზრდილობის ანბანიც გვასწავლის, თუმცა ზოგჯერ გვიჭირს ხოლმე ემოციების კონტროლი და მრისხანება ან წყენა გვეუფლება. სათანადო დასკვნა ყოველთვის მსჯელობით, კორექტრული შეკითხვებითა და სარწმუნო ფაქტებზე დაყრდნობით გამოვიტანოთ. მოვუსმინოთ და გავუგოთ ერთმანეთს, თუ გვინდა გრძელვადიან პერსპქტივაში გაგრძელდეს ჩვენი პარტნიორობა. ჯობია სიტყვა ვთქვათ მოკლედ, მოვერიდოთ ზედმეტი ინფორმაციით ყურადღების გადატვირთვას და არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგადი თეორიები მაინც განზოგადებულ ხასიათს ატარებს, უმჯობესია, კონკრეტული მაგალითებით შემოვიფარგლოთ.
რაკი კონკრეტიკას შევეხეთ, აქვე გეტყვით, რომ პიარაკადემიაში ახალი სასწავლო ფორმატი გვაქვს ბიზნესკომუნკაციის ეტიკეტზე სასაუბროდ ფინჯან ჩაის თანხლებით. რა თემებზე გავაკეთებთ აქცენტს?! გავიგებთ კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგიის ასპექტებს, სათქმელის ლაკონურად ჩამოყალიბების სპეციფიკას, ვისწავლით, რატომ უნდა დავუგდოთ ყური სხეულის ენას, სად და რა დროს დავგეგმოთ საქმიანი შეხვედრა, გამოვიმუშავებთ დისკუსიის ან დებატების დროს მოულოდნელობებისთვის მზადყოფნას, დავძლევთ საჯარო გამოსვლის აკვიატებულ შიშს, ავიმაღლებთ თვითმოტივაციას, საინტერესოდ ვაწარმოებთ საქმიან მიმოწერას და ბოლოს, ნებისმიეს სიტუაციაში წარვდგებით იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.
და ეს ყველაფერი როგორ?! მხოლოდ ინტერაქტიული სწავლებით და პრაქტიკული გავარჯიშებით. არის ასეთი ჩინური ანდაზა – “მითხარი, მოგისმენ, ამიხსენი, გავიგებ, ჩამრთე და გავაკეთებ!” ამიტომაც, გელით ფინჯან ჩაისთან …
მზარდი ეკონომიკისა და კონკურენციის პირობებში, რაც მეტად დახვეწილია ჩვენი კომუნიკაცია, მით უფრო წინმსწრები ვხდებით და რაც მთავარია, 50 %-ით იზრდება ჩვენი ფასეულობა!
ავტორი: მაკო ჯაოშვილი – კომუნიკაციის ექსპერტი, ბიზნეს-ტრენერი, პუბლიკაციები თვითმოტივაციაზე, პერსონალურ ზრდა-განვითარებასა და პროფესიული უნარების დახვეწაზე, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა-ორგანიზებაზე.