კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ჯასტინ ტრუდოს, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მარკ კარნი შეცვლის. Goldman Sachs-ის ყოფილი ბანკირი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი ქვეყანას სათავეში ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მომენტში ჩაუდგება. კანადის ახალი გამოწვევები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მკაცრი ტარიფების დაწესებას უკავშირდება.
ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, 59 წლის კარნიმ ხმათა 86% მიიღო და ყოფილი ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილენდი დაამარცხა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152,000-მდე წევრი იღებდა მონაწილეობას. შედეგად, წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კანადაში მმართველი პარტია ახლა უკვე მარკ კარნის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.
კარნი კანადის ჩრდილო-დასავლეთით, ფორტ-სმიტში დაიბადა, თუმცა ედმონტონში გაიზარდა. 1988 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, მაგისტრის კი ოქსფორდში დაიცვა. კარნი ლონდონში, Goldman Sachs-ისთვის დაახლოებით 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდგომ, კანადის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილის პოზიცია დაიკავა, 2004 წელს კი კანადის ფინანსთა მინისტრის უფროს მოადგილედ დაინიშნა.
2008 წლის თებერვალში, კარნიმ კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. კარნის მმართველობა, ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, წარმატებული გამოდგა. ფინანსური კრიზისის დროს კარნის გადაწყვეტილებით საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად დაბალ, 1%-იან ნიშნულამდე შეამცირეს, რაც ქვეყნის ეკონომიკას გაჯანსაღებაში დაეხმარა.
კარნი – რომელიც ბრექსიტის ფინანსური რისკების შესახებ ხმამაღლა საუბრობდა – პირველი არაბრიტანელიც გახდა, რომელმაც ინგლისის ბანკის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. თანამდებობაზე კარნი 2013 წლის ივლისში დაინიშნა. ინგლისის ბანკი კანადელმა 2019 წელს დატოვა და კლიმატის კრიზისისა და ფინანსების საკითხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, კარნიმ ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტზე ტრუდოს შეცვლისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
კარნი, კანადის გარდა, 2018 წლიდან ირლანდიისა და ბრიტანეთის მოქალაქეცაა. თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ ირლანდიისა და ბრიტანეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას გეგმავდა.
კანადის ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელისა და, შესაბამისად, მომავალი პრემიერის პოსტზე კარნის არჩევას ჯასტინ ტრუდო უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კარნი პოსტს უახლოეს დღეებში ან კვირაში დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ტრუდომ, რომელიც პოსტს 2015 წლიდან მოყოლებული იკავებდა, თანამდებობის დატოვების შესახებ იანვარში განაცხადა და ნაადრევი კენჭისყრის დანიშვნა მოითხოვა. ტრუდომ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მისი რეიტინგის გაუარესების მიზეზით მიიღო.
როგორც კანადის სამაუწყებლო კორპორაცია ვარაუდობს, დიდი შანსია, რომ კარნი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. თუმცა დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კონსერვატორები ლიბერალებს თითქმის 25%-იანი პროცენტული პუნქტით უსწრებენ.
თანამდებობაზე მარკ კარნის დანიშვნა კანადისთვის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. ტრამპის ადმინისტრაციამ კანადასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმებისა და იმპორტზე 25%-იანი ტარიფების (ფოლადსა და ალუმინზე 50%) დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხო ზომებით აშშ-ს კანადაც დაემუქრა. ტრუდომ შეერთებულ შტატებს 30 მილიარდი კანადური დოლარის საპასუხო ტარიფები დაუწესა.
ტრამპის პოლიტიკის შესახებ კარნის პოზიციაც გარკვეულწილად ცნობილია. კარნიმ კანადის ეკონომიკის შესუსტების მცდელობებზეც არაერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავს ესხმის კანადელ მუშაკებს, ოჯახებსა და ბიზნესს, მაგრამ კანადის მთავრობის საპასუხო ქმედებები მაქსიმალურ შედეგს აჩვენებს ამერიკაში და მინიმალურს კანადაში. კარნიმ ტარიფებს „უსამართლოც“ უწოდა და კანადის აშშ-ისთვის შეერთების საკითხიც გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი არასდროს და არანაირი ფორმით არ იქნება.