რამდენი მილიონის შემოსავლები აქვთ საქართველოს სუპერმარკეტებს?

რამდენი მილიონის შემოსავლები აქვთ საქართველოს სუპერმარკეტებს?

საახალწლო სეზონი სავაჭრო სექტორისთვის ყოველთვის ბუმთან ასოცირდება, თუმცა წელს ახალი წლის მთავარი საზრუნავი სუპერმარკეტებისთვის ლოკდაუნის ფონზე მომხმარებლებისა და საკუთარი პერსონალის უსაფრთხოების შენარჩუნება იყო.

ტანსაცმლის, ელექტროტექნიკისა თუ ავეჯის მაღაზიებისგან განსხვავებით, FMCG სექტორმა, რომელიც სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებით ვაჭრობს, ზამთრის პერიოდი დახურვის გარეშე გაიარა. ამ სექტორის ბრუნვა წლის განმავლობაში დაახლოებით 8 მილიარდ ლარს შეადგენს და მისი მთავარი წარმმართველი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტები არიან. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ სექტორის #1 მოთამაშე არის “კარფური“, რომლის გაყიდვებმაც 2019 წელს 473 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა “ნიკორა ტრეიდი“, რომელმაც გაყიდვები 28%-ით, 440 მილიონ ლარამდე გაზარდა. 2019 წელს გაყიდვების 33%-იანი ზრდა ჰქონდა “ორი ნაბიჯის“ ქსელს, რამაც 308 მილიონი ლარი შეადგინა. ქსელურ მოთამაშეებს შორის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი “მაგნიტს” აქვს – მან 2019-ში 194 მილიონი ლარის საქონელი გაყიდა.

კომპანიების მრავალმილიონიანი გაყიდვების მიუხედავად, ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებიდან არაერთი ფინანსურ ზარალზეა. უარყოფითი შედეგების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სწრაფ განვითარებაში ჩადებული მრავალმილიონიანი საინვესტიციო ხარჯია, ერთეულ შემთხვევაში კი ზარალი კომპანიების მიერ დამფუძნებლისთვის გადახდილ საპროცენტო ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად, “კარფურს“, ანუ “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ მისი დამფუძნებლის მიმართ 225-მილიონიანი სესხი აქვს, ამ სესხის მომსახურებაზე კი 2019 წელს 22 მილიონი ლარი დახარჯა.

    

        

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *