მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდი დოზა ადმინისტრირდა და ზოგმა ქვეყანამ უკვე მოახერხა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აცრა. მათ შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროები (65.8%), ისრაელი (60%), იაპონია (17.9%), უნგრეთი (53.6%), დიდი ბრიტანეთი (51.2%), ესპანეთი (44.9%), საფრანგეთი (36.1%), გერმანია (42.3%), იტალია (38.1%), ისლანდია (70.2%), აშშ (47.6%), ბრაზილია (14.4%) და მექსიკა (16.1%). შედეგად, ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები მოგზაურობასთან, სოციალურ დისტანცირებასთან და ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით.
იმის დასადგენად, თუ როგორ შეიცვლება მოსახლეობის ქცევა ვაქცინაციის შემდეგ, Ipsos-მა 12,497 ზრდასრული მოქალაქე გამოკითხა. კვლევა მოიცავდა შემდეგ ქვეყნებს: აშშ-ს, მექსიკას, ბრაზილიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, დიდი ბრიტანეთსა და იაპონიას. გამოკითხულთა თითქმის 75% აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ ნიღბის ტარებასა და სოციალურ დისტანცირებას. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი მექსიკაში და 86%-ს შეადგენს.
ქვეყნების მიხედვით განსხვავებული დამოკიდებულება შეინიშნება სოციალურ აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით. გამოკითხულ იაპონელთა მხოლოდ 38% გეგმავს სპორტულ ღონისძიებებსა და კონცერტებზე დასწრებას. რესტორნებში სტუმრობის მაჩვენებელი 82%-ს შეადგენს იტალიაში, ხოლო სხვა ქვეყნებში 59-79%-ს შორის მერყეობს. საშუალოდ, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი მზადაა დაუბრუნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა საზღვარგარეთ ფრენას შიდა ტურიზმს ამჯობინებს. მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი მზადაა იმოგზაუროს ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს. მოგზაურობის განსაკუთრებით ნაკლები სურვილით იაპონელები გამოირჩევიან, ხოლო მექსიკაში მეტად პოზიტიურად არიან განწყობილნი როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის მიმართ.