როგორი იქნება გლობალური ბაზრის სავარაუდო რეაქცია ირანის ისრაელზე თავდასხმის თაობაზე?

როგორი იქნება გლობალური ბაზრის სავარაუდო რეაქცია ირანის ისრაელზე თავდასხმის თაობაზე?

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ირანიდან გაშვებული დრონები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები წარმატებით მოიგერია, ირანის ქმედებას შესაძლოა გლობალურ ბაზარზე დიდი გავლენა ჰქონდეს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი ირანზე საპასუხო იერიშის მიტანას გეგმავს. მასშტაბურ რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეების გათვალისწინებით ფინანსური ანალიტიკოსები გლობალური ბაზრის უარყოფით რეაქციას პროგნოზირებენ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოესი კვირების განმავლობაში ოქროსა და ნავთობის ფასების კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი. ზრდის ტენდენცია კი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ნავთობის ფასის ზრდა მხოლოდ ამ ნედლეულის ღირებულებას არ გააძვირებს. Tallbacken Capital-ის ფინანსური ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასის ზრდა აშშ-ის ობლიგაციების ფუნდამენტურ საფუძვლებს შეარყევს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ინფლაციაზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ინფლაციის შემცირებაზე საფონდო ბირჟის ფუნქციონირება და ინვესტორთა მოლოდინი პირდაპირაა დამოკიდებული. ინფლაციის შენარჩუნება კი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობას კიდევ უფრო ამცირებს. Fed-ის გადაწყვეტილების მოლოდინში მსგავსი გეოპოლიტიკური დაძაბულობა ინვესტორთა განწყობაზე უარყოფითად აისახება.

ანალიტიკოსთა განმარტებით, ბევრია დამოკიდებული ისრაელის გადაწყვეტილებაზეც, უპასუხებს თუ არა ირანის თავდასხმას. ისეთი აქტივები, როგორიცაა ოქრო, ნავთობი, დოლარი თუ ობლიგაციები კონფლიქტის ესკალაციასთან პირდაპირაა დაკავშირებული. ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკირების მუქარა დამატებით მიწოდების ჯაჭვის შეფერხების მოლოდინს ქმნის, რაც საერთო მაკროეკონომიკურ რეაქციაზე ასევე უარყოფითად აისახება.