ბუქარესტის ქუჩებში ათიათასობით რუმინელი დემონსტრანტი გაუქმებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებს და პროცესის გაგრძელებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის გადადგომასაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რუმინეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ არჩევნები გააუქმა და მეორე ტური აღარ დანიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერი კანდიდატის, NATO-ს კრიტიკოსი კალინ გეორგესკუს სოცმედიაკამპანიას მხარს რუსეთი უჭერდა. აღნიშნული ბრალდება მოსკოვმა უარყო.
რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გააუქმა, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ადგილობრივ არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგია. თუმცა მოსახლეობის ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და საარჩევნო პროცესის განახლებას ითხოვს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ტურის შედეგები გაუქმდება და არჩევნები თავიდან ჩატარდება. ქვეყნის პროევროპული კოალიციური მთავრობა არჩევნების თარიღს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის, დიდი ალბათობით, 4 და 18 მაისს ჩატარდება.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის, საპრეზიდენტო ვადა 21 დეკემბერს ამოიწურა. თუმცა ის დაკავებულ თანამდებობას მემკვიდრის არჩევამდე შეინარჩუნებს.
ბუქარესტის ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციას ქვეყნის მეორე ყველაზე მსხვილი პარტია „რუმინელების გაერთიანების ალიანსი“ ხელმძღვანელობდა. „არჩევნების მეორე ტურის გაგრძელებით ჩვენ ვითხოვთ, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას“, – განაცხადა ალიანსის ლიდერმა ჯორჯ სიმიონმა.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ოპოზიციონერი კანდიდატი კალინ გეორგესკუ უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნულ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.