რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში, ლუგანსკის რეგიონში საბჭოთა წარმოების, Buk-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ყველაზე თანამედროვე ვერსია განათავსა. სამხედრო ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში Z სიმბოლოს მქონე 9k317M Buk-M3 დააფიქსირეს.
ცნობისთვის, Buk-M3 საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო, მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემა, ცნობილი როგორც Viking-ი, ყველა სახის საკრუიზო რაკეტებისა თუ აეროდინამიკური სამიზნეების გასანეიტრალებლად გამოიყენება.
რუსული სამთავრობო მედიის, Tass-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი Buk-ის მოდერნიზებული ვერსიის გამშვებს 12 რაკეტის ტარება შეუძლია. წინა ვერსიასთან შედარებით, Buk-M3-ის უპირატესობა გაუმჯობესებულ საკონტროლო სისტემასა და ეკიპაჟის დაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში მდგომარეობს.
Viking-ს საჰაერო სამიზნეების განადგურება 2.5-დან 70 კილომეტრამდე რადიუსში, 15-დან 25 კილომეტრამდე სიმაღლეზე შეუძლია. აღნიშნული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთმა შეიარაღებაში 2016 წელს მიიღო.