აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიამ BDO International მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა – International Business Compass 2018 გამოაქვეყნა. ინდექსი განსაზღვრავს თუ რამდენად მიმზიდველია ქვეყანა საინვესტიციოდ კერძო სექტორისთვის.
საერთაშორისო ბიზნეს კომპასი იკვლევს ქვეყნის მდგრადობას და ის მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურს, პოლიტიკურ-სამართლებრივსა და სოციო-კულტურულს.
2018 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა, წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია არ შეცვლილა. სარეიტინგო ქულა კი 100-დან 60,43-ია. საქართველოს პოზიცია კვლავ ჩამოუვარდება 2015 წლის მაჩვენებელს, როდესაც ქვეყანა 43-ე ადგილზე იყო.
საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია პოლიტიკურ-სამართლებრივ ინდიკატორში აქვს და 73 ქულით მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 5 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია. 53-ე ადგილზეა ქვეყანა სოციო-კულტურული კრიტერიუმით, ხოლო ეკონომიკური გარემოს შეფასებით კი 57-ზე. ეკონომიკური გარემოს კრიტერიუმში გასულ წელს საქართველო 48-ე ადგილზე იყო.
აზიის რეგიონის ქვეყნებში საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მეთერთმეტე ადგილს იკავებს.
რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. მას ჰონგ კონგი და შვეიცარია მოყვება.
კვლევა მსოფლიოს 174 ქვეყნის მონაცემს მოიცავს და აღნიშნული ქვყნების შეფასება ხდება ისეთი მონაცემებით როგორიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ქვეყნის საგარეო ვალი, ინფლაცია, ბიზნესის კეთების სიმარტივე, პოლიტიკური სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ვაჭრობა, მოსახლეობის რიცხოვნობა, სამუშაო ძალის თავისუფლება და სხვა.