ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics-ი ჩიპების ბიზნესის გაფართოებას იწყებს. კორეული კომპანიის მიზანს მოწინავე ნახევარგამტარების განვითარება და ინდუსტრიის ლიდერ Taiwan Semiconductor Manufacturing–ისთვის კონკურენციის გაწევა წარმოადგენს.
მართალია, Samsung-ი უფრო მეტად სმარტფონების წარმოებითაა ცნობილი, კომპანიას ნახევარგამტარების ბიზნესიც აქვს, რომელიც მისი მოგების ძირითადი მამოძრავებელია. კორეული გიგანტის მიერ შექმნილი მეხსიერების ჩიპები მონაცემთა ბაზებისა და ლეპტოპებისთვის გამოიყენება. პარალელურად კი Samsung-ი ჩიპების მწარმოებელი კომპანიებისთვის, მათ შორის Qualcomm–ისთვის ნახევარგამტარებსაც ქმნის.
უახლესი გეგმით, Samsung-ი 2025 წლიდან მობილური აპლიკაციებისთვის 2-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივ წარმოებას დაიწყებს. ამავე გეგმის ფარგლებში, კორეული გიგანტის ჩიპების ბიზნესი 2026 წლიდან – კომპიუტერულ, ხოლო 2027 წლიდან ავტომობილების ინდუსტრიაზეც გაფართოვდება. უკვე არსებული გეგმის მიხედვით, კომპანია ახალი საწარმოო ხაზებით, სამხრეთ კორეასა და ტეხასში, ჩიპების ბიზნესის განვითარებასაც განაგრძობს.
Samsung-ის გათვლებით, სმარტფონებს სამომავლოდ ბევრად უფრო ძლიერი ჩიპები დასჭირდებათ, რისთვისაც, მისი გეგმით, განვითარებას 2025 წლიდანვე იწყებს. ცნობისთვის, ნანომეტრის ზომის შემცირებით, ჩიპები შეიძლება უფრო მეტად ძლიერი და ეფექტიანი გახდეს. მაგალითად, Apple-ის უახლესი iPhone-ის პროცესორი 5-ნანომეტრიანია.