ღაზის სექტორში ორგანიზაცია „ჰამასის“ კუთვნილ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენის ფაქტს ისრაელის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები უკვე მეორე დღეა, ისრაელის ხელისუფლებისგან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას მოითხოვენ.
მედიის შეფასებით, თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში, საპროტესტო აქციებს 500,000-მდე მოქალაქე შეუერთდა და პრემიერ ნეთანიაჰუს, მძევალთა გასათავისუფლებლად, ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 101 მძევალი რჩება, რომელთა მესამედი, ისრაელის ოფიციალური მხარის ინფორმაციით, სავარაუდოდ დაღუპულია.
პროტესტის ნიშნად, ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს პროფკავშირების ლიდერებმა. SkyNews-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ხაზინისგან მოითხოვა, რომ გაფიცულ დასაქმებულებს გაცდენილი დღეები არ აუნაზღაურდეთ. მინისტრის განცხადებით, მათი ქმედება „ჰამასის“ ინტერესებს ემსახურება და ისრაელის ეკონომიკას აზიანებს.
პროტესტის პირველ დღეს იერუსალიმში მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს და პრემიერის რეზიდენციის წინ აქცია მოაწყვეს. დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს თელ-ავივის მთავარ გზატკეცილზე მყოფი მომიტინგეები, რომელთაც ხელში მოკლული მძევლების ფოტოები უჭირავთ. ხოლო როგორც ისრაელის ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, პოლიციამ დემონსტრანტები, რომელთაც გზა გადაკეტეს, წყლის ჭავლით დაშალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის 29 მონაწილე დაკავებულია.
ისრაელელმა სამხედროებმა მძევალთა ცხედრები ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის რაიონში ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს. ოფიციალური ინფორმაციით, ექვსივე დაღუპულის ცხედარი ისრაელში უკვე გადასვენებულია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძევლები, 48-72 საათის წინ, ახლო მანძილიდან რამდენიმე გასროლით დახოცეს.
ცხედრების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი ნეთანიაჰუ და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო. ისრაელის პრემიერის განცხადებით, მას „ვინც მძევლებს კლავს, გარიგების მიღწევა არ სურს“. „ჰამასის“ მაღალჩინოსნებმა მძევლების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარის გამო.
„ისრაელელი პატიმრების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს ეკისრება. ისრაელის მოქალაქეებმა არჩევანი ნეთანიაჰუსა და შეთანხმებას შორის უნდა გააკეთონ“, – განაცხადა Reuters-თან „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სამი აბუ ზუჰრიმ.
შესაბამისი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. ბაიდენის თქმით, მხარეებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მუშაობა გრძელდება. ცნობისთვის, დაღუპულ მძევლებს შორის ერთ-ერთი ამერიკის მოქალაქე იყო. მძევლების მკვლელობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმაც და განაცხადა, რომ ეს ტრაგედია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევით უნდა დასრულდეს.
ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შედეგად ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის 1,200 მოქალაქე მოკლა და 250-მდე მძევლად აიყვანა. „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზაში ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 40,738 პალესტინელი ემსხვერპლა.