საქართველო უნდა იყოს Luxury ქვეყანა, – ამის შესახებ კოჯორში მდებარე ველნეს-კურორტის, „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ Forbes Talks-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური ბუნება და დიდი პოტენციალი, რომ შექმნას და განავითაროს ველნეს-ინდუსტრია და მოიზიდოს მდიდარი ადამიანები.
„ყველაფერი, რაც საქართველოში გაკეთდება, მაღალი დონის უნდა იყოს. ჩვენ თუ არ მოვიზიდეთ მდიდარი ხალხი, ყოველთვის სუსტი ქვეყანა ვიქნებით“, – ამბობს ის და დასძენს, რომ მუშაობს საქართველოში ველნეს-ინდუსტრიის შექმნაზე, რომელიც მსოფლიო დონეზე პოზიციონირდება, როგორც ბრენდი Georgian Wellness-ი.
„ჩვენ ახალი სპეციალობაც კი დავარეგისტრირეთ. ეს არის ველნეს-თერაპევტი, რომელსაც ეცოდინება ავადმყოფობის მკურნალობის კი არა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიები. ასევე ვაპირებთ, შევქმნათ ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებით, რათა ახალი ცნება – ქართული ველნესი – მსოფლიოში ამის მეშვეობითაც გავიტანოთ“, – განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.
ბიზნესმენს სჯერა, რომ „ბიოლი“ ახალი ინდუსტრიის საწყის წერტილად იქცევა. კოჯორში მდებარე მაღალი დონის ველნეს-კურორტში მას ამ დრომდე $40 მლნ აქვს ინვესტირებული და უახლოეს წლებში სამმაგი თანხის ჩადებას აპირებს. ამისთვის საინვესტიციო გეგმასაც ამზადებს.
„ბიოლი“ 32 ჰექტარის ფართობის ტერიტორიას მოიცავს, სადაც 13 კოტეჯია განთავსებული. კურორტმა ამ დრომდე 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს უკვე უმასპინძლა.
„ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნები დომინირებს, მაგრამ შეიძლება ისრაელის, სპარსეთის ყურის ქვეყნების გამოყოფა. მათ შორისაა ყატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. საამიროებიდან ჩამოსულებისთვის ეს არის სასწაული, აქ მათთვის “3D” ბუნებაა. თუმცა, ევროპიდანაც ბევრი ვიზიტორი გვყავს, ასევე ლათინური ამერიკის რეგიონიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან. ძალიან მიხარია, რომ მთელმა მსოფლიომ შეიძლება გაიცნოს საქართველო“, – ამბობს თამაზ მჭედლიძე.