საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ახვლედიანის ქუჩაზე, საერთაშორისო, ბიუჯეტური ბრენდის, Ibis Budget-ის სასტუმრო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 158 ნომერს, კეთილმოწყობილ ეზოს, საფეხმავლო ბილიკებსა და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. Ibis Budget-ის სასტუმროს ჯამური სამშენებლო ფართი 4 700 მ2-ია, შენობა 5 სართულიანია და ადაპტირებულია შშმ პირებზე.
ამჟამად Ibis Budget-ი 40-მდე ადამიანს ასაქმებს.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად, თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის სასტუმრო შეემატა. Ibis Budget-ი ფრანგული ბიუჯეტური სასტუმროს ბრენდია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 24 ქვეყანაში, 600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.