საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინის მიმართულებით ჩვენი მეგობარი უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას:
- ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებზე და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე.
- უკრაინის მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის საკომისიოს ბანკები დაფარავენ.
- ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის.
- ბანკები ჩაერთნენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა), სამთავრობო („აწარმოე საქართველოში“) და კერძო სექტორის ინიციატივებში და კოორდინირებულად უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას.
- საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინის მიმართულებით.
- ზოგიერთი ბანკის ბანკომატებში უკრაინული ბანკების ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდებაზე მოიხსნა საკომისიო გადასახადი
სამომავლოდ დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
საბანკო სექტორი სტაბილურად, ერთსულოვნად და კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში.
საქართველოს საბანკო სექტორს აქვს საკმარისი ლიკვიდურობა და კაპიტალი, რათა სტაბილურად და მდგრადად განაგრძოს ოპერირება.