სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა 2.48-ს მიაღწია

სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა 2.48-ს მიაღწია

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.44-ია, თუმცა ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე (საიდანაც ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს ადგენს) დღეს ლარის კურსმა 2.48-ს მიაღწია.

ლარის გაუფასურების ტრენდზე დაბრუნება, ძირითადად ბოლო დღეებში საქართველოს მეზობელი და ამავე დროს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მნიშვნელოვნად გაუფასურებას უკავშირდება.

ფორბსთან საუბარში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ „მართალია ბოლო დღეებში გაძლიერდა საგარეო ფაქტორების ზეწოლა, მაგრამ ერთ დღეში 3 თეთრით გაუფასურება აშკარად პანიკის ელემენტებს მოიცავს. მოსახლეობას დაუგროვდა საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება ლარის კურსის მიმართ. ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა შემცირებულია. გაუფასურების კონტრზომებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურების ახალ ტრენდში შიდა ფაქტორების წილი მინიმალური შეიძლება იყოს, ხელისუფლება – მთავრობაც და ეროვნული ბანკიც უნდა გააქტიურდნენ კოორდინირებულად. აუცილებელია ბიუჯეტიდან ყოველდღიური ხარჯვაც კი არ იყოს დეფიციტური. მთავრობამ დეპოზიტზე უნდა დააგროვოს მიღებული შემოსავლების ნაწილი. თუ ლარის გაუფასურება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯები უნდა შემცირდეს. უახლოეს პერიოდში, პანიკის ელემენტის კურსიდან მოსახსნელად გარკვეული სავალუტო ინტერვენცია იქნება საჭირო. საშუალო ვადიან პერიოდში კი მთავრობამ უნდა დააჩქაროს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება, მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც დოლარის მნიშვნელოვან ნაკადს შემოიტანს ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *