ბილ და მელინდა გეიტსებისა და უორენ ბაფეტის მიერ დაარსებულ Giving Pledge-ის ინიციატივას Open AI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი და კერძო ინვესტორი, ჯამ ნაჯაფი შეუერთდნენ. ინიციატივაზე ხელმოწერით, მილიარდერებმა, სიცოცხლის განმავლობაში მათი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობა დადეს.
მხოლოდ წელს Giving Pledge-ის ინიციატივას ხელი ცხრა მილიარდერმა მოაწერა. შედეგად, ინიციატივის წევრთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა. როგორც ოლტმენი, ასევე ნაჯაფიც, ქველმოქმედებაში პარტნიორებთან, ოლივერ მულჰერნთან და ჩერილ ნაჯაფთან ერთად ჩაერთნენ. ცნობისთვის, Forbes-ის შეფასებით, ოლტმენის ქონება $1 მილიარდს, ხოლო ნაჯაფის – $1.3 მილიარდს უტოლდება.
Giving Pledge-ის ინიციატივას ასევე მეუღლესთან ერთად შეუერთდა Mercuria Energy Group-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკო დუნანდი. მილიარდერის ქველმოქმედების მთავარი ფოკუსი ეკოსისტემის აღდგენა და მდგრადი ბიზნესპრაქტიკების შემუშავებაა. ახალწვეულთა შორისაა საინვესტიციო ფირმა Ruane Cunniff-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რობერტ გოლდფარბი.
საქველმოქმედო ინიციატივას მიმდინარე წელს ხელი მოაწერეს გლობალური ტექნოლოგიების საინვესტიციო კაპიტალის ფირმა General Catalyst-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯესიკა შანც ტანეჯამ და მმართველმა დირექტორმა, ჰემანტ ტანეჯამ. საერთო ჯამში, Giving Pledge-ის ახალწვეულთა შორის შვიდი ამერიკიდანაა, ერთი შვეიცარიიდან და ერთიც – ახალი ზელანდიიდან.
ფილანთროპიული მოძრაობა, რომელმაც ბევრი მილიარდერი, მათ შორის მარკ ცუკერბერგი, მაქკენზი სკოტი და ილონ მასკი გააერთიანა, 2010 წელს დაარსდა. Giving Pledge-ის ინიციატივაზე ხელმოწერით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სიცოცხლის განმავლობაში, ან გარდაცვალების შემდგომ, თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღების პირობას დებენ.