სლოვაკეთში დემონსტრაციები გრძელდება. მოსახლეობა 25-მდე ქალაქში პრემიერ-მინისტრ რობერტო ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის. ფიცო პროცესებს გარედან მართულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ლიბერალური ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად იყენებს.
მომიტინგეები პრემიერ ფიცოსა და მის მთავრობას ქვეყნის ინსტიტუციებისთვისა და კულტურისთვის ძირის გამომთხრელ საქმიანობაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციების მონაწილეების განცხადებით, ფიცოს პოლიტიკა, განსაკუთრებით კი უკრაინაზე მზარდი თავდასხმებითა და მოსკოვის მხარდაჭერით, ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსაგან აშორებს. ფიცო ბრალდებებს ამ შემთხვევაშიც უარყოფს და ამბობს, რომ არცერთ ორგანიზაციაში სლოვაკეთის წევრობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას.
ადგილობრივი გამოცემა Dennik N-ის შეფასებით, სლოვაკეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში საშუალოდ 100,000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობს, მხოლოდ დედაქალაქში კი ფიცოს რეჟიმს ქუჩაში 40,000-მდე პირი აპროტესტებს. ფიცოს გაფრთხილებების მიუხედავად, არც ძალადობისა და არეულობის შესახებ გავრცელებულა ცნობები.
ამის მიუხედავად, პარასკევს, ფიცომ ჟურნალისტებთან რამდენიმე უცხოელი „ინსტრუქტორის“ წინააღმდეგ დეპორტაციების დაწყება დააანონსა. პრემიერის მტკიცებით, ეს პირები სლოვაკეთში მთავრობის დამხობის მცდელობაში ოპოზიციის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ. ფიცომ უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურები ქვეყანაში უცხოელი პროვოკატორების ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. ფიცოს მტკიცებით, სლოვაკეთში მთავრობის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე გარე პირები, ფიგურირებენ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ აქციებსა და 2014 წლის უკრაინის თემებში.
ფიცოს განცხადება სლოვაკეთის შიდა სადაზვერვო სამსახურმაც დაადასტურა. SIS-ს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა მისი შეფასებით ეს განცხადება ოპოზიციაში უკვე ეჭვებს ბადებს – გამომდინარე იქიდან, რომ სადაზვერვო სამსახურს ფიცოს პარტიის დეპუტატის შვილი მართავს.
ფიცო სლოვაკეთის ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევასაც შეეხო. პრემიერმა ამ შეტევას „სახელმძღვანელო მოდელი“ უწოდა იმისა, თუ როგორ უნდა გაანადგურო დაუმორჩილებელი მთავრობა, რომელსაც გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვს. ფიცოს მიმართვისას ძირითადი მითითება უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებასა და მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაზე იყო.
ფიცოს მტკიცებითვე, კიბერშეტევები „უცხოეთიდან ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელი ინსტრუქტორებისა და მედიის მიერ იმართება“. სლოვაკეთის ოფიციალური პირების ნაწილმა შეტევებში კიევიც კი დაადანაშაულა. თუმცა მოგვიანებით, Dennik N-მა განაცხადა, რომ სინამდვილეში ინციდენტი არცთუ ისე დიდი მასშტაბის ფიშინგის მცდელობა იყო, და არა კიბერშეტევა, როგორც ის თავდაპირველად შეფასდა.
საპროტესტო აქციების პარალელურად, მედია აქტიურად წერს ფიცოს კოალიციური მთავრობის მიერ უმრავლესობის დაკარგვის თაობაზე. პორტალი Aktuality-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კენჭისყრაში მონაწილეობაში უარი უმრავლესობის წევრმა ოთხმა დეპუტატმა განაცხადა. შესაბამისად, ეროვნულ საბჭოში ფიცოს კოალიციური მთავრობის ხმების რაოდენობა 75-მდე მცირდება – ერთი მანდატით ნაკლები, ვიდრე 150-წევრიან საბჭოში უმრავლესობის მისაღებად საჭიროა. Aktuality-ის ცნობით, ეს დეპუტატები არიან იან ფერენკაკი, რომან მალატინეცი, სამუელ მიგალი და რადომირ სალიტროსი.
საპროტესტო აქციების ტალღა სლოვაკეთში 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრ ფიცოს რუსეთში დაუგეგმავი მოგზაურობიდან მეორე დღეს დაიწყო. ფიცოს განცხადებით, რუსეთში ვიზიტის მიზეზი 2025 წლიდან უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა გახლდათ. საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებით, ფიცოს პუტინთან შეხვედრა ღალატის აქტი იყო. მათივე მოწოდებებით, სლოვაკეთი ევროპას ეკუთვნის და არა რუსეთს. ქვეყანა ნატოს წევრი სახელმწიფო 2002 წელს გახდა, ხოლო ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერის განცხადებას, საპროტესტო აქციებში გარე ძალების ჩართვასთან დაკავშირებით, საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფიცოს მოსაზრება საკმაოდ ლოგიკურია და მსგავსი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში ერთი ხელით არის კოორდინირებული. „რასაც ის აღწერს თავის 10-წუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც საქართველოში ხდება, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაში“, – განაცხადა მან.