სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებული დავის განსახილველად შეხვედრა მოსკოვში გაიმართა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებული დავის განსახილველად შეხვედრა მოსკოვში გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებული დავის განსახილველად, ქვეყნების კომისიების შეხვედრა გაიმართა. დელეგაციას სამივე ქვეყნიდან ვიცე-პრემიერები ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრა გასულ წელს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის, სასაზღვრო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, ფედერაციის დელეგაცია კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გაგრძელებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის გასამართი ახალი შეხვედრის თარიღი დიპლომატიური არხების საშუალებით გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ სამშაბათს, აზერბაიჯანმა სომხეთზე საერთაშორისო ზეწოლის განხორციელებაც მოითხოვა, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს გაუჩინარებულ ათასობით მოქალაქეზე ინფორმაციის მისაღებად.

„თითქმის სამი ათწლეული გავიდა და სომხეთის აგრესიის შედეგად დაკარგული 3,890 აზერბაიჯანელის ბედი კვლავ უცნობია. მოვითხოვთ ზეწოლას სომხეთზე, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები“, – დაწერა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობა 1991 წლიდან დაიძაბა, როდესაც სომხეთის სამხედროებმა ყარაბაღი დაიკავეს, ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული. 2020 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული 44-დღიანი კონფლიქტი, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა.