სტამბოლის სასამართლომ ქალაქის დაკავებული მერი, ექრემ იმამოღლუ პატიმრობაში დატოვა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებითაა დაკავებული. სტამბოლის მერის და ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ ქვეყნის დიდ ქალაქებში დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საპოლიციო ძალებთან შეტაკებები რამდენიმე დღეა, გრძელდება. დემონსტრაციების დროს დაკავებულია 1,000-ზე მეტი პროტესტანტი.
საინტერესოა, რომ ოპოზიციის დაკავებული ლიდერის სასამართლო პროცესების პარალელურად ექრემ იმამოღლუს პარტიამ, „რესპუბლიკელ ხალხთა პარტიამ“ (CHP) პრაიმერიზი ჩაატარა, სადაც მონაწილეობა პარტიის წევრმა და არაწევრმა 15-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. პრაიმერიზის მონაწილეებმა თურქეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სწორედ დაკავებული ლიდერი აირჩიეს.
პარტიის არაწევრი დელეგატების რაოდენობა 13 მილიონს შეადგენს. მათი აქტივობის მაღალი მაჩვენებელი კი იმამოღლუს მაღალ რეიტინგზე მიუთითებს. რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პრაიმერიზმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საჭიროება წარმოაჩინა. პარტიის პრაიმერიზში იმამოღლუ ერთადერთი კანდიდატი გახლდათ.
ექრემ იმამოღლუს თურქეთის პროკურატურა კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხარდაჭერას ედავება. თავად იმამოღლუ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ხალხს ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექრემ იმამოღლუს სტამბოლის მერის სტატუსი შეუწყდა. სტამბოლის მერთან ერთად იმავე ბრალდებებით კიდევ 20 ადამიანი დააკავეს. მთავრობის წევრების განცხადებებით, გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის და სასამართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.
ექრემ იმამოღლუს დაკავებისთანავე თურქეთის მთავრობამ საპროტესტო გამოსვლების ჩატარება რამდენიმე დღით გასულ შაბათამდე აკრძალა. შაბათს კი აკრძალვა კიდევ ოთხი დღით გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, თურქეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ასიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.
თურქეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი.