აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიისას მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, თითქმის $1 მილიარდით უფრო მდიდარია. ტრამპის სოციალური მედიაპლატფორმა Trump Media-ს აქციების ფასი კვირას მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა, რამაც გავლენა მილიარდერის ქონებაზეც იქონია.
Trump Media & Technology Group-ის აქციათა ფასი 32%-ით, დაახლოებით $41-მდე გაიზარდა. კომპანიაში ტრამპი თითქმის 65%-იან წილს, 114.75 მილიონ აქციას ფლობს. აქციათა ფასების მატების შედეგად, Trump Media & Technology Group-ში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წილის საერთო ღირებულება $3.5 მილიარდიდან $4.6 მილიარდამდე გაიზარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჯერად მეორე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, $6.6 მილიარდის ქონებას ფლობს და მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ხვდება. ტრამპის ქონება, მარტში Trump Media-ს აქციების საჯაროდ დალისტვის შემდეგ, $4.1 მილიარდიდან $8 მილიარდამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად უკვე წარადგინეს. ტრამპმა კი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპს რამდენიმე ტყვია ესროლეს. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, გარდაიცვალა ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი მხარდამჭერი.