თიბისი უზბეკეთი გლობალურმა ფინანსურმა გამოცემამ The Global Economics-მა 2021 წელს უზბეკეთში საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.
თიბისი UZ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციურ ფინტექ პლატფორმაზე, Space-ზე დაყრდნობით შეიქმნა და მომხმარებელს სთავაზობს საცალო საბანკო მომსახურებას მობილური აპლიკაციის მეშვეობით. გუნდის აქტიურმა ძალისხმევამ და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტების მიწოდებამ აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვის დინამიური ზრდა გამოიწვია და გაშვებიდან ერთი წლის თავზე აპლიკაციას უკვე 1 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს.
თიბისიმ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, სრულად ციფრული საბანკო მომსახურება შესთავაზა უზბეკეთის მოსახლეობას. თავდაპირველად ციფრული ბანკი უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში, მომსახურების ორი ცენტრით იყო წარმოდგენილი. ერთი წლის თავზე კი თიბისი უზბეკეთი რეგიონების მასშტაბით გაფართოვდა, ამ დროისთვის უზბეკეთში უკვე 7 ახალი თაობის ფილიალი (ე.წ. შოურუმი) და 34 მომსახურების ცენტრი მუშაობს, სულ 12 რეგიონულ ქალაქში. უახლოეს მომავალში თიბისი უზბეკეთი მომსახურებას მცირე ბიზნესის სეგმენტსაც შესთავაზებს.
„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ჩვენი გუნდის მიერ გაწეული დიდი შრომის შედეგია. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ინტენსიური ძალისხმევით ჩვენ შევძელით შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა, მათ შორისაა, აპლიკაციის ერთი მილიონი ჩამოტვირთვა და ჯილდო The Global Economics-სგან. ვფიქრობ, ამ აღიარების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ძირითად აქცენტს მომხმარებლებზე ვაკეთებთ. ვცდილობთ, მომხმარებელს ციფრული ფინანსური სერვისები და ხარისხიანი გამოცდილება მივაწოდოთ, რაც მათ ცხოვრებას გაუმარტივებს“, – ნუკრი თეთრაშვილი, თიბისი ბანკი უზბეკეთის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
„მოხარულები ვართ, რომ თიბისის ინიციატივა, დაეწყო საერთაშორისო გაფართოება და უზბეკეთში ჩასულიყო Space-ის ციფრული პლატფორმით, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ცნობილმა ჟურნალმა The Global Economics-მა აღიარა ჩვენი მიღწევები. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ ჩვენი მისიის წარმატებით განხორციელებისაკენ – გავამარტივოთ ადამიანების ცხოვრება სწრაფი და კომფორტული ციფრული ფინანსური სერვისების შექმნით და მიწოდებით“, – ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკი უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
Global Economics-ი სხვადასხვა სექტორიდან და რეგიონიდან ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გამოსავლენად ყოველწლიურ დაჯილდოებას ატარებს. Global Economics-ის პრესტიჟული ჯილდო კი, კომპანიებს გლობალურ წვდომას და აღიარებას ანიჭებს.
The Global Economics Limited ბრიტანული ბიზნეს ჟურნალია, რომელიც კვალიფიციურ ინფორმაციას ავრცელებს ფინანსური სექტორის შესახებ, მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიური დაჯილდოების პროგრამა კი, სადაც სხვადასხვა ფინანსურ სექტორში საუკეთესო მოთამაშეებს გამოავლენენ, გამოცემისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ მოვლენად ითვლება.