Theneo-მ აშშ-ის მხარდაჭერით $1.5-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

Theneo-მ აშშ-ის მხარდაჭერით $1.5-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ Theneo-ს დამფუძნებელთან შეხვედრის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ Theneo-მ აშშ-ის მხარდაჭერით 1.5 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.

საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის და ანა რობაქიძის ერთობლივი ფოტო ახლავს და აღნიშნულია, რომ ამერიკა სწორედ ასეთი სტარტაპების გამო უჭერს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებას მხარს.

„ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის დიდი წარმატება ერთად აღვნიშნეთ. მისმა კომპანია Theneo-მ საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. ანა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და მსოფლიოს არაერთი წამყვანი კომპანიისა თუ სტარტაპის წარმომადგენელი დაესწრო.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.