თიბისი კაპიტალმა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.
პუბლიკაციის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიურ რეალობაში, FMCG ბაზარი რეკორდულად მაღალი ტემპით გაიზარდა. 2020 წელს – 26%, 2021 წელს კი 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
FMCG პროდუქციაზე დანახარჯების წილი მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამ მიმართულებით, ტურისტული დანახარჯები 2020 წელს თითქმის განულდა, 2021 წელს კი 43%-ით აღდგა.
საქართველოში პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. საკვები პროდუქტების გარდა, აღნიშნულ საიმპორტო ბაზრებზე საქართველოს დამოკიდებულება მაღალია თამბაქოზე, ასევე, პირის ღრუსა და თმის მოვლის საშუალებებზე.
რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საიმპორტი ბაზრების ჩანაცვლება, ხორბლისა და სიმინდის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. გაზრდილი ფასების პარალელურად, საქართველოს FMCG ბაზარი მეტად დივერსიფიცირებული გახდება და მსგავსი რისკები საგრძნობლად შემცირდება.
2021 წელს ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 31% შეადგინა. სამომავლოდ, ორგანიზებული ბაზრის კიდევ უფრო გაფართოება, 2024 წლისთვის კი მთლიანი ბაზრის 40%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი.
საქართველოს რეგიონები ორგანიზებული ბაზრის მიერ მეტწილად აუთვისებელია, თუმცა ზრდის პოტენციალი დიდია. 2021 წელს, მხცეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გარდა, ორგანიზებული ბაზრის წილი ყველა რეგიონში გაიზარდა. ორგანიზებული ბაზრის 61% თბილისზე მოდის. თბილისის შემდეგ, ყველაზე მიმზიდველი ბაზრები იმერეთი, ქვემო ქართლი და კახეთია. სამომავლოდ, ტურიზმის სრულ აღდგენასთან ერთად, რეგიონული ბაზრების აჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი.
ბოლო 2 წელია, ორგანიზებული ბაზარი მაღალი კონკურენციით ხასიათდება. 2021 წლის ბოლოს, FMCG ბაზარი 1700-ზე მეტი ობიექტით იყო წარმოდგენილი საქართველოში, რაც წლიურად 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამური სავაჭრო ფართობი, 2021 წლის განმავლობაში, 25%-ით გაიზარდა, რამაც მაღაზიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საშუალო სავაჭრო ფართის შემცირება გამოიწვია.
პანდემიის პერიოდში, მომხმარებლების ქცევა შეიცვალა – ვიზიტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა თითოეული ვიზიტისას დანახარჯი გაიზარდა. 2021 წლის ბოლოს, მომხმარებლების ქცევა პანდემიამდელ ტრენდს დაუბრუნდა და ტრანზაქციების რაოდენობისა და მოცულობის ზრდის ტემპები ერთმანეთს დაუახლოვდა.
FMCG სექტორის საშუალო მომხმარებელი ახალგაზრდავდება. 2021 წლის განმავლობაში, ყველაზე აქტიური მომხმარებლის ასაკმა 30-39 წელი შეადგინა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მზარდია 19-29 წლის მომხმარებლების წილიც. თუმცა, ახალგაზრდა მომხმარებლები თითოეულ ვიზიტზე დაბალი დანახარჯით ხასიათდებიან. საპირისპიროდ, მიუხედავად ვიზიტებში ყველაზე დაბალი წილისა, ასაკიანი მომხმარებლები თითო ვიზიტისას, ყველაზე მეტს ხარჯავენ.
გლობალური ტენდენციის მსგავსად, ქართულ FMCG სექტორში ელექტრონული კომერციის წილი იზრდება. ასევე, ქართული FMCG ბაზრის მოთამაშეების 80% მომხმარებლებს შიდა რესურსით ან მესამე მხარის ჩართულობით, ადგილზე მიტანის მომსახურებას სთავაზობს.
„სწრაფადბრუნვადი პროდუქტების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თიბისისთვის. თიბისი კაპიტალის კვლევა გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე სექტორის ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ ნიშნულს – 31%-ს მიაღწია. კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში, FMCG ბაზარი საშუალოდ 24%-ით გაიზარდა. სამომავლოდ მოსალოდნელია ზრდის მეტად დასტაბილურება. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შეცვლილია მიწოდების ჯაჭვები, საჭირო ხდება ბაზრების ჩანაცვლებაც, თუმცა ქართული ბაზარი სწრაფად რეაგირებს და ახლო მომავალში პრობლემური ბაზრებიდან იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.