თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი ძალებით შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდას გეგმავენ. ტერიტორია ნაღმებით რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაბინძურდა. შეთანხმება სავარაუდოდ მომავალ თვეში გაფორმდება.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდა პირველი ერთობლივი ქმედება იქნება, რომელსაც შავი ზღვის ქვეყნები 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განახორციელებენ. თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერის განცხადებით, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ხელმოწერის ცერემონიალს სტამბულში, 11 იანვარს გამართავენ.
გიულერის ინფორმაციითვე, თურქეთმა აღმოაჩინა უკრაინული და რუსული ნაღმების მზარდი რაოდენობა, რომლებიც თურქეთის სრუტეებისკენ მიემართება. კოალიციის მიზანი ძირითადი სავაჭრო გზის – განსაკუთრებით მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის – და ენერგომაძიებელი გემების არსებული საფრთხისგან დაცვაა.
მართალია, სამივე ქვეყანა NATO-ს წევრია, გიულერის განცხადებით, მათი ერთობლივი ქმედება ალიანსის ოპერაციად არ ჩაითვლება. თურქეთი ეწინააღმდეგება NATO-ს სხვა ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის საზღვაო ძალების შავ ზღვაში ყოფნას, რადგან თვლის, რომ ეს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას შეუწყობს ხელს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა მოკავშირეებისგან დახმარების მისაღებად მზადაა.