აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ტრამპი მომდევნო თვეების განმავლობაში სოციალურ მედიას საკუთარი პლატფორმით დაუბრუნდება.
მილერის განცხადებით, ტრამპი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა კომპანიებთან. მილერის მტკიცებით, ტრამპის პლატფორმა დიდი იქნება და მას ათეულობით მილიონი მომხმარებელი ეყოლება. მილერს დამატებითი ინფორმაცია პლატფორმასთან დაკავშირებით აღარ გაუჟღერებია.
„ვფიქრობ, ეს იქნება სოციალურ მედიაში ყველაზე მოთხოვნადი პლატფორმა… ის სრულებით შეცვლის თამაშის წესებს, ყველა დაელოდება და ნახავს, რას იზამს პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ ეს იქნება მისი, საკუთარი პლატფორმა“ – განაცხადა მილერმა პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს ტვიტერზე, ფეისბუქსა და სხვა პლატფორმებზე. მიზეზად კი მისი მხრიდან ძალადობის წახალისება დასახელდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი დიდი პაუზის შემდეგ პირველად თებერვლის ბოლოს გამოჩნდა საჯაროდ. ორლანდოში ტრამპმა თავის ორსაათიან სიტყვაში პრეზიდენტი ბაიდენი გააკრიტიკა და ამასთან, განაცხადა – „შესაძლოა მივიღო გადაწყვეტილება, მესამედ დავამარცხო ისინი [არჩევნებში]“.