ივნისში გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე მღელვარებამ ხელახლა გამახსენა არაერთი კარგი და მივიწყებული ბრიტანული პანკ-ბენდი, რომელთაც ტინეიჯერობის პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად ვუსმენდი. მათ შორის ერთ- ერთია ჯგუფი The Clash, რომლის ცნობილი სიმღერა “Should I stay or should I go now”, ალბათ ყველაზე მეტად ასახავდა იმ მიმდინარე პერიპეტიებს, რაც ბრიტანეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე ხდებოდა. სიმღერის შინაარსი შემდეგნაირად გამოიყურება:
“Should I stay or should I go now? If I go there will be trouble An’ if I stay it will be double So come on and let me know”
ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რეფერენდუმზე მისულმა მოსახლეობის 51.89%-მა ევროკავშირში დარჩენას და “double trouble”-ს (ორმაგ თავის ტკივილს), გასვლა ამჯობინა.
მოდი, დრო 44 წლით უკან გადავახვიოთ და მიმდინარე მოვლენების განხილვა წარსულიდან დავიწყოთ.
1973 წელს, კონსერვატორი პრემიერმინისტრის, ედვარდ ჰითის მეთაურობით, დიდი ბრიტანეთი ევროპული გაერთიანების წევრი გახდა. ინტეგრაციული პროცესების პარალელურად, ეს თარიღი ბრიტანული ევროსკეპტიციზმის ათვლის წერტილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. გაერთიანების დატოვების შესახებ საუბრები გაწევრიანებიდან მოკლე დროში დაიწყო, სურვილმა კი პრაქტიკული ხასიათი ორი წლის შემდგომ შეიძინა. 1975 წელს ლეიბორისტმა პრემიერმინისტრმა ჰაროლდ ვილსონმა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროგაერთიანების დატოვების შესახებ ეროვნული რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა, თანამედროვე ბრიტანელებისგან განსხვავებით, მაშინ მოსახლეობის 66%-მა დარჩენის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, Brexit-ი 42 წლით გადაიდო.
წლევანდელი რეფერენდუმის ჩატარებაზე აქტიური საუბარი 2015 წელს, კონსერვატორული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაიწყო. დღეს უკვე ყოფილი პრემიერი – დევიდ კამერონი, მაშინ, ამომრჩევლებს, გამარჯვების შემთხვევაში, რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა, რაც მოგვიანებით მართლაც შეასრულა. თავად კამერონი ევროკავშირის დატოვების მომხრე არ ყოფილა, მისი ეს დაპირება საკუთარი პარტიის წევრების გაერთიანებასა და “შეკვრას” ემსახურებოდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ხრიკი მას კარიერის ფასად დაუჯდა. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლისა და რეფერენდუმის ჩატარების ყველაზე აქტიური მომხრეები კონსერვატორული პარტიის (ნაწილის) და “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” (UKIP) წევრები იყვნენ. კამპანიის სათავეში კი ლონდონის ყოფილი მერი – ბორის ჯონსონი და UKIP-ის ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი მოექცნენ.
მეტად უცნაური კონფიგურაცია შეიქმნა საპირისპირო ბანაკში. ევროკავშირის დატოვების შიში ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, რამაც კონსერვატორების დიდი ნაწილი, ლეიბორისტული პარტია, ლიბერალ-დემოკრატები და შოტლანდიის ეროვნული პარტია ერთ ნავში ჩასხა და ნიჩბების ქნევა ევროკავშირისკენ დააწყებინა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ებრაელი და პალესტინელი პოლიტიკოსების დამეგობრების შანსი უფრო დიდია, ვიდრე ამ ხალხის საერთო პოზიციაზე მოქცევა.
ევროკავშირის ბიუჯეტში დიდი ბრიტანეთის კონტრიბუცია ის მთავარი საკითხი აღმოჩნდა, რომლის ირგვლივაც Brexit-ის მომხრეებმა საკუთარი აგრესიული წინასარეფერენდუმო კამპანია გააჩაღეს. გასულ წელს, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირში შეტანილი საწევრო გადასახადი 17.8 მილიარდი გირვანქა სტერლინგი აღმოჩნდა, რამაც განსაკუთრებით “განარისხა” კავშირის დატოვების მომხრეები. მათი თქმით, ეს თანხა კვირაში დაახლოებით 350 მილიონ გირვანქას შეადგენს და ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, მისი საკუთარი სურვილის მიხედვით დახარჯვა იქნება შესაძლებელი. რეფერენდუმის წინ ყველაზე პოპულარული დაპირება დაზოგილი თანხების ეროვნულ ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ჩადება აღმოჩნდა. ამ საკითხზე საუბრისას, Brexit-ის მომხრეებს ალბათ შემთხვევით არ გამორჩენიათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც სიტუაციას რადიკალურად ცვლის. წლიური საწევრო გადასახადის დიდი ნაწილი ისევ დიდ ბრიტანეთში ბრუნდება, სხვადასხვა პროგრამის სუბსიდირების გზით. მხოლოდ გასულ წელს უკან დაბრუნებულმა თანხამ 9.3 მილიარდი გირვანქა შეადგინა. უფრო დეტალურად თუ გავყვებით, ვნახავთ, რომ ევროკავშირის წევრობა კვირაში 350 მილიონი გირვანქის მაგივრად, 120 მილიონი ჯდებოდა. ერთ დღეში ეს თანხა 17 მილიონ გირვანქას შეადგენდა, ერთ სულ მოსახლეზე კი დღიურად 26 პენი გამოდიოდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რიგით ბრიტანელს ევროკავშირის წევრობა დღეში მესამედი “სნიკერსის” ღირებულება უჯდებოდა. რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თავად ნაიჯელ ფარაჯმაც აღიარა, რომ კამპანიის დროს მიცემული დაპირებები 17 მილიარდი გირვანქის თავისუფლად გამოყენების შესახებ, რეალობას არ შეესაბამებოდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ პოპულისტური არგუმენტის დახმარებით ელექტორატზე ზეგავლენის მოხდენა უფრო იოლი საქმე აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზანმა გაამართლა საშუალება.
ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მისგან მომდინარე შედეგები ის საკითხი აღმოჩნდა, რომლის ირგვლივაც მწვავე და განსხვავებული პოზიციები არაერთხელ დაფიქსირდა. ევროკავშირის დატოვების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის ევროკავშირის წევრობას ალტერნატივა არ გააჩნია. მათი აზრით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრის ათვისება, ინდუსტრიული სფეროების მჭიდრო თანამშრომლობა და იმპორტისა და ექსპორტის წილი ის ძირითადი ელემენტებია, რაც ევროკავშირს დიდი ბრიტანეთისთვის მიმზიდველ, აუცილებელ და უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს. დარჩენის მომხრეები თვლიან, რომ წევრობით მიღებული სარგებელი განუზომლად აღემატება ოპონენტების მიერ მრავალჯერ ნახსენებ შესაძლო დანაკარგებს, ამიტომ საჭირო იყო ურთიერთობის ტრადიციულ ფორმატში გაგრძელება.
განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ Brexit-ის მომხრეებს. საწევრო გადასახადის დაზოგვა ერთადერთი საკითხი არ არის, რის გამოც ისინი ევროკავშირს აკრიტიკებენ. ბრიუსელში არსებული ცენტრალიზებული ბიუროკრატია და რეგულაციების დაუსრულებელი წყება ეწინააღმდეგება კონკურენციასა და კერძო სექტორის ხელშეწყობას, რაც აფერხებს ბრიტანული ეკონომიკის განვითარებას. მათ საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნიათ ევროპული ბაზრის ათვისების მხრივაც და მიაჩნიათ, რომ ამისთვის ევროკავშირის წევრობა აუცილებელი სულაც არ არის, ალტერნატიულ და სასურველ მოდელად კი ნორვეგიის მაგალითი სახელდება. შეგახსენებთ, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა სარგებლობს European Economic Area (EEA)-ის ხელშეკრულებით.
აღნიშნული შეთანხმების მეშვეობით, ქვეყანას ევროკავშირის ბაზრით სარგებლობა წევრი ქვეყნების მსგავსად შეუძლია. ანალოგიური ურთიერთობები არის ჩამოყალიბებული შვეიცარიასა და ევროკავშირს შორის. ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობისა და გაზრდის მიზნით, Brexit-ის მომხრე პოლიტიკოსები ბილატერალური ხელშეკრულებების გაფორმებასაც დაჰპირდნენ საკუთარ თანამოაზრეებს. მათი მოსაზრებით, ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებელია ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრის ათვისება, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, ჩინეთი, ავსტრალია, იაპონია და სხვა. აღნიშნული დაპირისპირება ბოლოს სტატისტიკებისა და რიცხვების ბრძოლაში გადაიზარდა, ამიტომ, მოდი, ჩვენც გადავხედოთ იმ მაჩვენებლების ნაწილს, რასაც დაპირისპირებული მხარეები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოიშველიებდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დარჩენის მომხრეები ხშირად მიუთითებდნენ იმ სარგებელზე, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის წევრობის პერიოდში მიიღო.
ძირითადი არგუმენტების ნაწილი შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა (1973- 2014), ზრდის ტემპით კი გაასწრო ყველა სხვა ინგლისურად მოლაპარაკე ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და ავსტრალიას.
დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორია, სავაჭრო ბრუნვის მოცულობა კი 55%-ს სცდება. მჭიდრო ურთიერთობა ფიქსირდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით. 2015 წელს დიდი ბრიტანეთიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებულმა ექსპორტმა ჯამში 223 მილიარდი გირვანქა შეადგინა, რაც ექსპორტის მთლიანი მაჩვენებლის 43.7% აღმოჩნდა. მასშტაბური მაჩვენებლები ფიქსირდება იმპორტის ნაწილშიც. გასული წლის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებული იმპორტის ღირებულება 291 მილიარდ გირვანქას შეადგენდა, რაც საერთო მაჩვენებლის 53.1% იყო. ევროკავშირთან არსებული მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა პირდაპირი ფინანსური სარგებლის გარდა, სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების მიზეზიც არის. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დაახლოებით 3.3 მილიონი სამუშაო ადგილის არსებობა პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებულ ექსპორტთან.
ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობის (FDI) მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროპის ყველაზე მიმზიდველი ტერიტორიაა. დარჩენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა არასწორ ნაბიჯად ჩავთვალოთ. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება EY 2015 European Attractiveness კვლევის შედეგებით. დიდი ბრიტანეთი ამ კვლევის მიხედვითაც ევროპის ყველაზე მიმზიდველ ადგილად არის დასახელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის მიხედვით (როგორც ევროკავშირიდან, ასევე არაწევრი ქვეყნებიდან). ამ მაჩვენებლებით, გაერთიანებული სამეფო უსწრებს ისეთ დიდ ევროპულ ქვეყნებს, როგორიც გერმანია და საფრანგეთია. ქალაქების მიხედვით, პირველი ექვსეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1) ლონდონი; 2) პარიზი; 3) ბერლინი; 4) ფრანკფურტი; 5) ამსტერდამი და 6) ბრიუსელი.
დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების დეპარტამენტის (UKTI) მონაცემებით, 2014- 2015 წელს, ევროკავშირიდან მომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საფუძველზე, დიდ ბრიტანეთში 658 პროექტი განხორციელდა, რამაც 28,250 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. 2013- 2014 წლებში ამ მაჩვენებელმა 20,432 ათასი, ხოლო 2012-2013 წელს – 15,399 ათასი შეადგინა. გასათვალისწინებელი არის ასევე ე.წ “safeguarded jobs”-ის (დაცული სამსახურების) რაოდენობაც, რომელიც ამ ინვესტიციებს უკავშირდება. 2013-2014 წელს ასეთი 22,806 ათასი იყო, 2012-2013 წელს კი – 35,073 ათასი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიდა ბაზარზე სამუშაო ადგილების ზრდაში. ევროკავშირში დარჩენის მომხრეების აზრით, Brexit-ი ყველა ამ სიკეთეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
“საკუთარი” სტატისტიკური მონაცემები გააჩნდათ Brexit-ის მომხრეებსაც. ამ მხრივ, ყველაზე მეტი კრიტიკული მოსაზრება რეგულაციებს შეეხო. ისევე როგორც სხვა დანარჩენ მოვლენას, რეგულაციებსაც თავიანთი კონკრეტული ფასი გააჩნიათ. Open Europe-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 100 ყველაზე “მძიმე” ევრორეგულაცია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას წელიწადში დაახლოებით 33.3 მილიარდი გირვანქა უჯდება, რაც კვირაში 660 მილიონ გირვანქას შეადგენს. კამპანიის პერიოდში ეს კვლევა ბორის ჯონსონის საყვარელ საბრძოლო ინსტრუმენტად იქცა. რეგულაციების ნაწილში, Brexit-ის მომხრეები კიდევ ერთხელ შეეხნენ ე.წ “ნორვეგიულ მოდელს”. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ევროკავშირმა 52 ათასზე მეტი კანონი მიიღო, თუმცა ნორვეგიამ მათგან მხოლოდ 4,700 გაითვალისწინა. ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში, ნორვეგიას იმ რეგულაციების გათვალისწინებაც მოუწევდა, რაც სავაჭრო ხელშეკრულებით (EEA) სავალდებულო არ არის. აღნიშნული შესაძლებლობის გათვალისწინებით, გამოსვლის მომხრეები ევროკავშირის დატოვებას უმტკივნეულო პროცესად აფასებდნენ, ვინაიდან შესაძლებელი არის საერთო ევროპული ბაზრით სარგებლობა ისე, რომ მინიმალური დანაკარგებით გაიარო რეგულაციებით სავსე ლაბირინთები.
რეგულაციების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კერძო სექტორშიც იგრძნობა. CBI-ის კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში რეგისტრირებული ფირმების 55% უარყოფითად არის განწყობილი ევრორეგულაციების მიმართ, განსაკუთრებით დამაზიანებლად კი კერძო სექტორში პროფკავშირების როლის ზრდას ასახელებენ. ჯერჯერობით რთულია ზუსტი ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება. პროცესების განვითარებაში ფუნდამენტური როლი დაეკისრება ახალ პრემიერ- მინისტრსა და მთავრობას. სწორად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ქვეყნის ახალ ფინანსურ რელსებზე გადაყვანა.
მნიშვნელოვანი საკითხია ემიგრაციაც. 2015 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში ემიგრირებულთა საშუალო რიცხვი 183,000-ია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2004 წლის ანალოგიურ მონაცემს. მიგრანტთა რიცხვის ზრდა, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციამ, მეორე მხრივ კი გაერთიანებული სამეფოს “მიმზიდველობამ” გამოიწვია. ტრადიციულად, ზრდადი დინამიკის პარალელურად, დამატებითი თავსატეხი სირიელი ლტოლვილების დიდმა ტალღამ გააჩინა. ამ საკითხზე დაპირისპირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არსებობს, ვინაიდან არ არსებობს საერთო პოლიტიკა, რომელიც ამ პრობლემას გადაწყვეტს.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, Brexit-ის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ იმიგრაციასთან “ბრძოლის” ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ევროკავშირის დატოვება იქნებოდა. მათი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საცხოვრებლად და სამუშაოდ წამოსული მიგრანტები მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას და უარყოფით ზეგავლენას ახდენს დასაქმებული ბრიტანელების შემოსავლებზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბრიტანეთის მთავრობის მიზანი – სამჯერ შეამციროს დღეს არსებული საერთო იმიგრაციის მაჩვენებელი.
პოლიტიკური რიტორიკისა და კამპანიის დროს წარმოებული მასშტაბური პოპულიზმის პრაქტიკაში გადმოტანა მარტივი საქმე არ არის. ევროკავშირის ბაზრის სრული ხელმისაწვდომობა შეუძლებელია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების გარეშე. შესაბამისად, ევრობაზრის მთლიანი ათვისება და “ნორვეგიული მოდელის” სრულად დანერგვა შეუძლებელია ჩაკეტილი საზღვრის პოლიტიკით. ამ დილემის გადაჭრა მომავალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან არჩევანი იმიგრანტების სასარგებლოდ გააკეთოს. მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საკითხი იყო წინა სარეფერენდუმო კამპანიის დროს.
ასევე საინტერესოა, აამოქმედებს თუ არა მთავრობა მიგრანტების მიღების ახლებურ მეთოდს, სადაც წარმომავლობაზე მეტად, ყურადღება კვალიფიკაციასა და პროფესიაზე გამახვილდება. საუბარია ავსტრალიურ მოდელზე, რომელიც ქულების მინიჭებაზე დაფუძნებულ საიმიგრაციო პოლიტიკას გულისხმობს.
ეკონომიკის მსგავსად, პროგნოზების გაკეთება აქაც რთულია. სავარაუდო შედეგების კონტურები უახლოეს მომავალში გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გამოიკვეთება. თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიგრანტების თემა პოპულიზმის დიდი დოზით იყო გაჯერებული და რეალობაში ცვლილებებს ნაკლები ეფექტი ექნება.
23 ივნისის რეფერენდუმის შედეგები, ერთი მხრივ, გამოწვევაა დიდი ბრიტანეთისთვის, მაგრამ იგი ასევე დიდი მნიშვნელობის მქონეა თავად ევროკავშირისთვისაც. ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც დეზინტეგრაციის პრეცედენტი დაფიქსირდა, შესაბამისად, საინტერესოა, თუ რა გაკვეთილს გამოიტანს აქედან თავად ბრიუსელი.
მიუხედავად ნეგატიური განწყობებისა, ოპტიმისტებს ევროკავშირის გამოღვიძებისა და ეფექტიანი რეფორმების გატარების იმედი მიეცათ. ცენტრალიზებულმა ბიუროკრატიამ და რეგულაციებისკენ მიდრეკილებამ კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაცია მარცხნივ გადახარა, შესაბამისად, ცვლილებები მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, Brexit-ი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ტრადიციული ბრიტანული კონფიგურაციისთვის. ევროკავშირიდან გამოსვლამ ახალი ძალა შემატა შოტლანდიურ სეპარატიზმს. 2014 წელს შოტლანდიაში გამართული რეფერენდუმის დროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ისეთ ბრიტანეთში დარჩენას, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნებოდა. დღეის მონაცემებით კი აღნიშნული გარემოებები რადიკალურადაა შეცვლილი. ანალოგიური განწყობები ფიქსირდება ჩრ. ირლანდიასა და გიბრალტარში (გაერთიანებული სამეფოს წევრი არ არის, თუმცა მასზე ბრიტანეთის იურისდიქცია ვრცელდება). შოტლანდიის გამოსვლის და გაერთიანებული სამეფოს დაშლის ალბათობა ამ მომენტისთვის საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების იდეა ნელ-ნელა მწიფდება. შექსპირის მიერ ჰამლეტისეული ყოფნა-არყოფნის შესახებ დასმულ კითხვაზე საბოლოო პასუხს უახლოეს მომავალში მივიღებთ. პასუხის შინაარსი პირდაპირ არის დამოკიდებული დიდი ბრიტანეთის ტრადიციული ფორმით არსებობასთან.
საყურადღებოა ბრიტანულ პოლიტიკურ არენაზე მომხდარი უკანასკნელი ცვლილებებიც.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ Brexit-ის კამპანიის ლიდერებმა განზე გადგომა არჩიეს. ბევრმა ეს პასუხისმგებლობის აცილებად მიიჩნია. UKIP-ის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა დიდი ბრიტანეთის “დაბრუნების” შემდეგ, საკუთარი ცხოვრების დაბრუნება განიზრახა და აქტიური პოლიტიკიდან წავიდა. თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა უარი თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატობასა და კონსერვატორული პარტიის ლიდერობაზე, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგვიანებით იგი ახალი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2015 წელს არჩეულმა დევიდ კამერონმა კი პრემიერ- მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და გადადგომა ოქტომბერში დააანონსა, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეცვალა და თანამდებობიდან 13 ივლისს წავიდა. არეულობაა ლეიბორისტების ფლანგზეც – პარტიის წევრების დიდი ნაწილი მათი ლიდერის, სოციალისტი ჯერემი კორბინის გადადგომას ითხოვს.
სიმღერით დაწყებულ სტატიას ამავე ნოტზე დავასრულებ. საინტერესოა, მოგვიწევს თუ არა ბრიტანეთის უახლოესი მომავლის აღსაწერად Sex Pistols-ის ლეგენდარული სიმღერის, “Anarchy in the U.K.”-ის გახსენება და მოსმენა. ფაქტია, რომ ლონდონში დაწყებულ არეულობას შიშით უყურებენ ბრიუსელში, ედინბურგში კი ნელ-ნელა შეტევისთვის და ოცნებად ქცეული დამოუკიდებლობისთვის ემზადებიან.