Meta-ს ახალი აპლიკაციის გამოჩენიდან მალევე Twitter-მა შესაძლო სასამართლო დავაზე მიანიშნა. ილონ მასკის საკუთრებაში არსებული ტექნოლოგიური კომპანია მარკ ცუკერბერგს იდეის მოპარვაში ადანაშაულებს და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისთვის ჩივილით ემუქრება.
ცნობისთვის, Meta-ს ახალ პლატფორმაზე პირველივე დღეს 30 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა.
Twitter-ის ადვოკატ ალექს სპიროს მიერ მარკ ცუკერბერგისადმი 5 ივლისს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ მასკის კომპანია მას „ტვიტერის სავაჭრო საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემურ, განზრახ და უკანონო მითვისებაში“ სდებს ბრალს.
წერილში ასევე გაჟღერებულია ბრალდება, რომ Meta-მ Twitter-ის ათობით ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა, რა გზითაც პლატფორმის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მიიღო წვდომა. Twitter-ის იურისტების მტკიცებით, ცუკერბერგის მიერ Threads-ის შექმნით დარღვეულ იქნა სახელმწიფო და ფედერალური კანონები.
ამ ეტაპზე აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მედიასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს არც Twitter-ი და არც Meta.
ცნობისთვის, OpenAI-ის ChatGPT-ს ხუთი დღე დასჭირდა 1 მილიონი მომხმარებლის პლატფორმაზე მოსაზიდად. UBS-ის ანალიტიკოსების თქმით, ChatGPT ყველა დროის ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაციის რეკორდს ფლობს, მას შემდეგ, რაც ორ თვეში 100 მილიონ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია. Threads-ის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შესაძლოა აღნიშნული რეკორდი რამდენიმე დღეში მოიხსნას.
მოსალოდნელი წარმატების ფონზე, სულაც არ არის გასაკვირი Twitter-ის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია კონკურენტი პლატფორმის გამოჩენასთან დაკავშირებით. კომპანიის იურისტი ცუკერბერგისთვის მიწერილ წერილში მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რათა აღმოფხვრილ იქნას Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებების გამოყენება და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.