ე.წ. “უმოქმედო სესხების” თანაფარდობა მთლიან სესხებთან მსოფლიოში საშუალოდ 1.34%-ია.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.28% ჩინეთში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მაღალი – 48% კვიპროსზე. მსგავსი სესხების მთლიან საკრედიტო პორტფელტან შეფარდებას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით ახდენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ვადაგადაცილებულ სესხებს ეხება. კერძოდ, მას WEF მსოფლიოს 135 ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შესაფასებლად იყენებს. ჯამში ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 88-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, წელს საქართველოს პოზიცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ კი 25 პოზიციით.
WEF-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში მსგავსი სესხების წილი მთლიან სესხებთან საშუალოდ 3.4%-ის ფარგელბში იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მაგალითად საფრანგეთში (3.6%), ლატვიაში (3.7%), ლიეტუვაში (3.7%), პოლნეთში (4%), ჩეხეთში (4.6%).
13.8%-ია ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან სესხებში აზერბაიჯანში და ის 118-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. იტალიაში 17.1%, ტაჯიკეთში 19.1%, უკრაინაში 30.5%, საბერძნეთში კი 36%-ზე მეტი.
ყველაზე დაბალი წილი კი ჩინეთის შემდეგ კორეის რესპუბლიკასა და ახალ ზელანდიაშია – 0.5%-0.5%. მეოთხე ადგილზე 0.6%-ით კანადაა, ხუთეულს კი შვეიცარია ხურავს 0.7%-ით. ასევე საქართველოზე დაბალია მაჩვენებელი თურქეთში (3.1%), ბელგიასა (3.4%) და დანიაში (3.2%).
ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხები (90 და მეტი დღით გადაცილებული სესხები) 6.7 მლნ ლარით შემცირდა და 397.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 51.9 პროცენტი კი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის სესხების თანაფარდობას მთლიან სესხებთან, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს აქვს – 61.9%. სავალუტო ფონდის 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, მოლდოვაში უცხოური ვალუტის სესხებს მთლიანი მოცულობის 40% უკავია, თურქეთში 30.1%, უკრაინაში 48%, რუსეთში კი 47%. უცხოურ ვალუტაში სესხების მოცულობა ესტონეთში მხოლოდ 0.7%-ია, გერმანიაში კი 10.4%.