Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის სია გამოაქვეყნა. Forbes 400-ის 2024 წლის რეიტინგი ასახავს რეკორდულ წელს ამერიკის უმდიდრესი ადამიანებისთვის. სიაში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 ტრილიონი დოლარითაა გაზრდილი და $5.4 ტრილიონს აღწევს. გაზრდილია რეიტინგში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური ზღვარიც – 2023 წლის $2.9 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე.
ზედიზედ უკვე მესამე წელია, რაც Forbes-ის რეიტინგის სათავეში ილონ მასკი რჩება. ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის ელექტრომობილების გიგანტ Tesla-სა და კოსმოსური კომპანია SpeceX-ის დამფუძნებლის ქონება $244 მილიარდს შეადგენდა. მეორე პოზიციას $197 მილიარდით Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, ხოლო მას Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოჰყვება $181 მილიარდით.
ცნობისთვის, ცუკერბერგის ქონება სწორედ Meta-ს აქციების ღირებულების მკვეთრი მატების დამსახურებით გაიზარდა და შედეგად, მილიარდერმა რეიტინგში მერვედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ცუკერბერგთან ერთად, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ბეზოსის ქონებაც, თუმცა მასკის სიმდიდრის შეფასება $251 მილიარდიდან $244 მილიარდამდეა დავარდნილი.
საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით Forbes 400-ის ათეული უცვლელია, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გაცვალა ერთმანეთში პოზიციები.
აშშ-ის უმდიდრეს ქალთა რეიტინგში კი პირველობა ელის უოლტონს ეკუთვნის. საცალო ვაჭრობის გიგანტ Walmart-ის მემკვიდრის ქონება, ანგარიშის თანახმად, $89.2 მილიარდს უტოლდება და უოლტონი სრული სიის მე-15 პოზიციაზეა წარმოდგენილი. Forbes 400-ის სიაში შემავალი აშშ-ის უმდიდრესი ქალების კოლექტიური ქონება გასული წლის $621 მილიარდიდან $839 მილიარდამდეა გაზრდილი. დაიან ჰენდრიკსი – $21.9 მილიარდით – კვლავ აშშ-ის უმდიდრეს თვითშემდგარ ქალად რჩება.
Forbes 400-ის წლევანდელ სიაში შემავალი მილიარდერებიდან 67% თვითშემდგარია. წელს სიას 23 ახალი წევრიც ჰყავს, მათ შორისაა Raising Cane-ის ტოდ გრეივსი და Jersey Mike’s Subs-ის დამფუძნებელი პიტერ კანკრო. რეიტინგში დაბრუნდა აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა მთავარი კანდიდატი, დონალდ ტრამპიც. ტრამპის ქონება, Trump Media & Technology Group-ის აქციების ღირებულების ზრდის შედეგად, $4.3 მილიარდს უტოლდება.
წლევანდელ რეიტინგში მოსახვედრად, აშშ-ის მილიარდერებს, სულ მცირე, $3.3 მილიარდის ქონება სჭირდებოდათ, ნაცვლად გასული წლის $2.9 მილიარდისა. ამ მოცემულობით, 2024 წლის Forbes 400-ში მოხვედრა ვერ შეძლეს აშშ-ის ისეთმა გავლენიანმა პირებმა, როგორებიც ოპრა უინფრი ($3 მილიარდი) და ტეილორ სვიფტი ($1.3 მილიარდი) არიან.
სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 38 წლის ამერიკელი ბიზნესმენი, Walmart-ის მემკვიდრე ლუკას უოლტონია. ხოლო ყველაზე უხუცესი Dole-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი 101 წლის დევიდ მერდოკია. სიმდიდრის ზრდის მიუხედავად, წლევანდელ რეიტინგში ვერც ბევრ ფილანთროპს შევხვდებით. რეიტინგის წევრების მესამედს საქველმოქმედო საქმიანობისთვის 1%-ზე ნაკლები აქვს გაღებული, თუმცა ხუთი ინდივიდის მიერ გაღებული ქონება მათი სიმდიდრის 20%-ს ან მეტს შეადგენს. უმსხვილესი ფილანთროპი ჯორჯ სოროსია, რომელმაც ქველმოქმედებისთვის ქონების 74%-ზე მეტი გაიღო.
Forbes 400 – აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების ათეული:
ილონ მასკი – $244 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
ჯეფ ბეზოსი – $197 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Amazon
მარკ ცუკერბერგი – $181 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Facebook
ლარი ელისონი – $175 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Oracle
უორენ ბაფეტი – $150 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ლარი პეიჯი – $136 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Google
სერგეი ბრინი – $130 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Google
სტივ ბალმერი – $123 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Microsoft
ბილ გეიტსი – $107 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Microsoft
მაიკლ ბლუმბერგი – $105 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Bloomberg LP