უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. ორბანი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინა-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს.
ცნობისთვის, გუშინ დასავლეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების დიდი კრიტიკოსის, ორბანის უნგრეთი, როტაციული პრინციპით ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. დღეს კი ორბანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
ორბანის პრესსამსახურის უფროსის, ბერტალან ჰავაშის განცხადებით, მხარეებს შორის საუბრის უმთავრესი თემა მშვიდობის დამყარების შანსების განხილვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში ვლადიმირ პუტინის უახლოესი პარტნიორი, ვიქტორ ორბანი 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების სამხედრო დახმარების პოლიტიკას აქტიურად ეწინააღმდეგება. მანვე დაბლოკა უკრაინისათვის $53-მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხიც.
გასულ კვირას ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნა. თუმცა ქვეყანას პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანებისთვის გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევს. ეს კი, უპირველესად, უნგრეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც გულისხმობს.