30 მარტს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამ გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, წლის ბოლომდე თვალსაჩინო ყოფილიყო მიღწევები, რომლებიც ორგანიზაციის ძირითად, სადამფუძნებლო მიზანს ავითარებს: ვაჭრობის გამოყენებით ადამიანებისთვის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
განცხადება ოკონჯო-ივეალამ გენერალური საბჭოს შეხვედრაზე გააჟღერა. მანვე დააანონსა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ COVID-19-ის ვაქცინის წარმოებისა და გავრცელების საკითხებს, ამასთან, იმსჯელებენ WTO-ს შესაძლო როლზე ვაქცინის ეფექტიან დისტრიბუციაში. ორგანიზაცია ამ თემებზე აპრილის შუა რიცხვებში იმსჯელებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე მუშაობენ.
„ჩვენი მიზანია, დავძლიოთ ვაქცინების არათანაბარი გადანაწილების გამოწვევა. ცხადია, რომ მიწოდებაში სერიოზული დეფიციტი გვაქვს. უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, მათ შორის, როგორ შეიძლება ვაქცინის წარმოების მოცულობის გაზრდა“, – განაცხადა ოკონჯო-ივეალამ სამომავლო შეხვედრის დაანონსებისას.