ფოტო: REUTERS/Valentyn Ogirenko
სამშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დანიასთან, ესტონეთთან და ნიდერლანდებთან დამატებით სამ „დრონების შესახებ შეთანხმებას“ მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დრონების კონვენციურ ომში გამოყენების, წარმოების და განვითარების საკითხში უკრაინელების ექსპერტიზა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ზელენსკიმ შეთანხმებების შესახებ საზოგადოებას თურქეთის დედაქალაქ ანკარადან ამცნო, სადაც ის ნატოს სამიტს ესწრება. მისი განცხადებით, კიევმა უკვე ცხრა ასეთ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
უკრაინასთან დრონების შესახებ შეთანხმების გაფორმება განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ირანმა მეზობლებზე დრონებით მასობრივი იერიშები განახორციელა და არაბული სახელმწიფოების ამერიკულმა თუ ევროპულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ძალიან დაბალი ეფექტიანობა გამოავლინა.
დანიასთან შეთანხმების გამოცხადებისას ზელენსკიმ თქვა, რომ შეთანხმება „უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის თავდაცვის მიმართულებით ერთობლივი წარმოებისთვის, ექსპერტიზის გაცვლისთვის და იარაღის ექსპორტისთვის“. მან განაცხადა, რომ დანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას დრონების ერთობლივი წარმოება შესთავაზა „და აბსოლუტურად სამართლიანია, რომ დანიას ექნება წვდომა უკრაინიდან ექსპორტირებულ, ომში გამოცდილ იარაღზე“.
რამდენიმე კვირის წინ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ უკრაინული დელეგაციები სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში იმყოფებოდნენ და მათ დრონების ათვისებაში და თავდაცვაში სპეციალურ სწავლებებს უტარებდნენ.















