2016 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები სადაზღვევო ბაზარზე

2016 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები სადაზღვევო ბაზარზე

2016 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის რეგულაციებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა:

პირველი: სადაზღვევო კომპანიები გადავიდნენ კორპორაციულ მართვაზე – 2016 წელს „დაზღვევის შესახებ“ კანონით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო კომპანიის მმართველი ორგანოებია აქციონერთა საერთო კრება, კრების მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭო (უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს, შედგება 3-21 წევრისაგან) და საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორატი (მინიმუმ სამი დირექტორი, რომელთაც სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალებათ).

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? რამდენიმედონიანი მმართველობის დროს მნიშვნელოვნად მცირდება ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ მართვაში შეცდომების დაშვების რისკი (ბაზარზე მუშაობის არასწორი სტრატეგია, მცდარი საფასო პოლიტიკა, არასაიმედო გადამზღვეველი პარტნიორის შერჩევა, მაღალრისკიანი საინვესტიციო პოლიტიკა…). კორპორაციული მმართველობისას გადაწყვეტილებების რამდენიმე შრეში გატარება, გადაწყვეტილების მიმღებთა და განმახორციელებელთა ურთიერთკონტროლი უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანიის ხარისხიანად მართვას და ტაქტიკურად და სტრატეგიულად სწორი მიმართულებით მიჰყავს ორგანიზაცია. შესაბამისად, იზრდება დაზღვეულებისა და სადაზღვევო კომპანიის მფლობელების/თანამშრომლების ინტერესების დაცულობის ხარისხი. ასევე, სადაზღვევო კომპანიების ჯანსაღად მართვა სადაზღვევო და მთლიანად ფინანსური ბაზრის სტაბილურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

მეორე: სადაზღვევო კომპანიის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საფუძველია მისი კაპიტალის სიდიდე. 2016 წელს დამტკიცდა გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი, რომელიც საფუძვლად დაედო ფინანსური სიმყარისა და გადახდისუნარიანობისთვის აუცილებელი საკუთარი კაპიტალის გამოთვლას. გადახდისუნარიანობის მარჟა მოქმედებს ძლიერი სადაზღვევო სისტემის მქონე ყველა ქვეყანაში – ეს არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენი უნდა იყოს სადაზღვევო კომპანიის კაპიტალის მინიმალური სიდიდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპანიის ფინანსური სიმყარე და ის დაცული იყოს მოსალოდნელი თუ მოულოდნელი რისკებისაგან. საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებისთვის მარჟის სიდიდეა 100 მილიონ ლარამდე მოზიდული პრემიის შემთხვევაში ამ თანხის 18%, ხოლო 100 მილიონ ლარზე მეტი პრემიის მოზიდვის შემთხვევაში – 18 მილიონ ლარს დამატებული 100 მილიონზე გადაჭარბებული თანხის 16%.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? მსოფლიოს ძლიერი ფინანსური ბაზრების მქონე ქვეყნებში აპრობირებული მეთოდით სადაზღვევო კომპანიის კაპიტალის სიდიდის განსაზღვრა უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსურ სიმყარეს და მინიმუმამდე ამცირებს გადახდისუუნარობას, რაც ნიშნავს მისი ათეულობით და ასეულობით ათასი დაზღვეულისა და კომპანიის მფლობელების/თანამშრომლების ინტერესების დაცულობის მაღალ ხარისხს, სადაზღვევო და ფინანსური ბაზრის გამართულად მუშაობას.

მესამე: სადაზღვევო კომპანია საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, ამ პირობებს 2016 წელს დაემატა სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმის წარდგენის ვალდებულება. ბიზნესგეგმაში ასახული უნდა იყოს სადაზღვევო კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათი განხორციელების გზები, ბაზრის ანალიზი, რისკების მართვა, ტარიფების სტრუქტურა, ფინანსური გეგმა, ზარალის დარეგულირების პოლიტიკა და პროცედურები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და სხვ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? აღარ გავშლით საკითხს იმის თაობაზე, თუ რას იწვევს დაუგეგმავად საქმიანობა ისეთი ორგანიზაციისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ათეულობით და ასეულობით ათასი დაზღვეულის მომსახურებაზე. ეს ცვლილება კვლავ სადაზღვევო კომპანიების კლიენტების, მფლობელებისა და თანამშრომლების დაცულობის ხარისხის ამაღლებისა და მთლიანად ფინანსური ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის განხორციელდა.

სამივე მოვლენა ეთანხმება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობების ჰარმონიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.

ცოტა სტატისტიკაც: 2016 წელს 14 სადაზღვევო კომპანიის მიერ მიღებულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 393 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 33 მილიონი ლარით (9 %) აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს (360 მილიონი ლარი). მოზიდული პრემიის 76% დაზღვევის 3 სახეობიდანაა მიღებული. 2016 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის ჯამურმა წმინდა მოგებამ 18.9 მილიონი ლარი შეადგინა.

2016 წელი სადაზღვევო კომპანიების კლიენტების ინტერესების დაცვისთვის და ფინანსური ბაზრის სიმყარისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო, ასევე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის დირექტივების ნაწილის შესრულებისკენ, ბაზრის მოცულობა 2015 წელთან შედარებით გაზრდილია, ისიც მნიშვნელოვანია, რომ წელმა სადაზღვევო ბაზარზე საგრძნობი რყევებისა და არასტაბილურობის გარეშე ჩაიარა.